საზღვარგარეთ მივლენილი საქართველოს ელჩების ოთხდღიანი ფორუმი - “ამბასადორიალი 2017“ დასრულდა. ამბასადორიალის შედეგები საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეაჯამა.
მინისტრის ინფორმაციით, განისაზღვრა ქვეყნის საგარეო პრიორიტეტების ოთხი ძირითადი მიმართულება - ეს არის ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველყოფა, მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა, ქვეყნის იმიჯის მსოფლიოს მასშტაბით პოპულარიზაცია და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების უფლებების ეფექტურად დაცვა.
ჯანელიძის თქმით, პრეზიდენტის, პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგებლებთან ერთად დიპლომატებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ემსჯელათ აღნიშნული პრიორიტეტების განხორციელების გზებზე, უკეთეს კოორდინაციასა და მეტ თანამშრომლობაზე. მინისტრმა ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა ამბასადორიალის ფარგლებში არასამთავრობო სექტრის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის მნიშვნელობასაც.
“საგარეო საქმეთა სამინისტრო არის ღია თანამშრომლობისთვის, არის ტრანსფარენტული და მაქსიმალურად ცდილობს, საკუთარი საქმიანობა წარმართოს ინკლუზიურობის პრინციპით“, - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.