კოკა-კოლამ ქართულ ბაზარზე Schweppes-ის ახალი სახეობები გამოუშვა

”კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ” The Coca-Cola Company-ისგან Schweppes სამი ახალი სახეობის ჩამოსხმის უფლება მიიღო.

ქართველ მომხმარებელს ამიერიდან შესაძლებლობა ექნება Schweppes მოჰიტო, მჟავე ლიმონი და ქოქოსი-ანანასი დააგემოვნოს.

როგორც "კოკა-კოლას" მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, გოგა რობაქიძემ BPN-ს განუცხადა, ჭყონიას კომპანიაში Schweppes-ს დიდი ხანია ასხამენ, თუმცა მას ამჯერად სამი ახალი სახეობა დაუმატეს.

"სასმელისთვის სამი ახალი სახეობის დამატების უფლება The Coca-Cola Company-გან ექსკლუზიურად ჩვენ მივიღეთ. ანუ, საქართველო პირველი იქნება ამიერკავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, რომლიც Schweppes-ის სამ ახალ სახეობას აწარმოებს,"- განაცხადა გოგა რობაქიძემ.

"კოკა-კოლას" მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ისიც აღნიშნა, რომ ახალ პროდუქციას საექსპორტოდაც ამზადებენ. იგეგმება Schweppes-ის სახეობების ამიერკავკასიასა და შუა აზიაში გატანა.

გოგა რობაქიძის თქმით, Schweppes-ის ახალი სახეობების ჩამოსასხმელად ”კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ” ნახევარი მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.