„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, დღეს, პეკინის ქუჩაზე, ცენტრალურ მაგისტრალზე მთავარი სამუშაოები გერმანელ ექსპერტებთან ერთად დაიწყო.
კომპანიის ინფორმაციით, პეკინის ქუჩის მარცხენა მხარეს, 1000 მმ-იანი მაგისტრალის 1.3 კმ სიგრძის მონაკვეთი ევროპული ტექნოლოგიით განახლდება.
პარალელურად განხორციელდება 1000 მმ-იანი ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულის დამონტაჟება. ასევე, მოეწყობა 500 მმ-იანი წყალსადენის ქსელის დამცლელი.
”აღნიშნული უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული და ტექნიკური სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებისთვის 24, 25, 26 ივლისს, დილის 11.00 საათიდან საღამოს 19.00 საათამდე, ასევე საღამოს 23.00 საათიდან დილის 08.00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში: თამარაშვილის, ნუცუბიძის და მიმდებარე ქუჩებს; ნუცუბიძის და ვაჟა-ფშაველას კვარტლებს;
ვაკის რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, კეკელიძის, მცხეთის და მიმდებარე ქუჩებს.
მთაწმინდის რაიონში: ბაგებს, წყნეთს და კიკეთს 24-იდან 26 ივლისის ჩათვლით წყალმომარაგება შეეზღუდება 17.00 სთ-დან მომდევნო დღის 13.00 საათამდე;
კომპანია მიმდინარე სამუშაოების წარმოებისას, მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ დამატებით ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ასევე კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ”ფეისბუქისა” და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge”,- ნათქვამია ინფორმაციაში.