სტატისტიკა ვიზიტორთა შესახებ, ვადებისა და სხვა პირობების დაცვა, რომელიც უვიზო რეჟიმს ახლავს, მონიტორინგის ქვეშაა, როგორც ჩვენი ხელისუფლების, ასევე ევროკავშირის შესაბამისი ორგანოების მხრიდან , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით გათვალისწინებული სამთვიანი ვადის დარღვევის სტატისტიკის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, უვიზო რეჟიმის მინიჭება ევროკავშირის მხრიდან დიდი ნდობაა.
„უვიზო რეჟიმის მიღების შემდეგ თითოეული მოქალაქე, რომელიც საქართველოდან შენგენის ზონაში მიემგზავრება, დღეს არის კიდევ უფრო მეტად საკუთარი ქვეყნის წამომადგენელი, ელჩი, ვიდრე ოდესმე. ამიტომ, ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით უვიზო რეჟიმის შესახებ გადაწყვეტილებას და ამ უვიზო რეჟიმით სარგებლობის პროცესს. რა თქმა უნდა, სტატისტიკა ვიზიტორთა შესახებ, ვადებისა და სხვა პირობების დაცვა, რომელიც უვიზო რეჟიმს ახლავს, მონიტორინგის ქვეშაა, როგორც ჩვენი ხელისფლების, ასევე ევროკავშირის შესაბამისი ორგანოების მხრიდან.
პერიოდულად, საქართველო გააგრძელებს რეფორმებს საზღვრის მართვის მიმართულებით. ასევე გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირთან, რომ მიგრაციის პოლიტიკა მომავალში იყოს ისეთივე წესრიგში და სტანდარტებთან შესაბამისობაში, როგორც დღესაა“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს მიგრაციის თანამედროვე, ახალი სამსახური, ახალი კანონმდებლობა, ახალი ტექნოლოგიები, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა და ასვეე მჭიდრო კონტაქტები ევროკავშირის შესაბამის ორგანოებში.
კითხვაზე, არის თუ არა საგანგაშო აღნიშნული სტატისტიკა, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ეს სტატისტიკა უბრალოდ სტატისტიკაა, რომელიც პერიოდულად გახდება განხილვის საგანი და თუკი რაიმე დამატებითი ქმედებები იქნება საქართველოს მხრიდან საჭირო, ამის შესახებ ევროპელი კოლეგები გვეტყვიან“.
2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით საქართველოს 55 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა, რომელთაგან 90 დღის ვადაში საქართველოში ამ ეტაპზე 3 ათასი არ დაბრუნებულა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განუცხადა. როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, ის პირები, რომლებიც ქვეყანაში ჯერ კიდევ არ დაბრუნებულან, სამინისტროს იდენტიფიცირებული ჰყავს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე არ შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ აღნიშნულმა 3 ათასმა ადამიანმა ევროკავშირთან არსებული 90-დღიანი უვიზო რეჟიმი დაარღვია, ვინაიდან, შესაძლებელია, ამ მოქალაქეების ნაწილი ისეთ ქვეყანაში გადავიდა, რომელთანაც საქართველოს ასევე უვიზო რეჟიმი აქვს.