სვანეთის მაღალი ტურისტული პოტენციალიდან გამომდინარე, ძალიან ბევრმა ოჯახმა სახლი საოჯახო სასტუმროდ გადააკეთა და ტურისტულ ბიზნესში ჩაერთო.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტურიზმი ადგილობრივი მოსახლეობისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა.
ჩვენ დავინტერესდით, როგორ მიმდინარეობს ტურისტული სეზონი სვანეთში და სასტუმროს მფლობელებს დავუკავშირდით. მათი თქმით, ზაფხულის სეზონი არც ისე კარგად დაიწყო, რადგან ივნისში და ივლისის დასაწყისში ცუდი ამინდები იყო, მაგრამ თანდათან მდგომარეობა გამოსწორდა და ახლა სტუმრების რაოდენობას არ უჩივიან.
მესტიაში მდებარე სასტუმრო „კალას“ მფლობელ ლელა ჯაფარიძეს იმედი აქვს, რომ მომავალი თვეები უფრო დატვირთული ექნება.
"ამჯერად სვანეთში ტურისტების რაოდენობას არ ვუჩივით, მართალია, ივლისის დასაწყისში შარშანდელთან შედარებით ცოტა სტუმარი გვყავდა, მაგრამ ბუნებას ვერ უბრძანებ. რაც მთავარია, ამინდი გამოსწორდა და ახლა ჩვეულებრივი რეჟიმით ვმუშაობთ. ძალიან გვშველის წინასწარი დაჯავშნის სისტემა. ჩემს სასტუმროში, მაგალითად, ოქტომბრამდე ნომრების უმეტესობა დაჯავშნილია. ქართველებიც მოდიან, მეზობელი ქვეყნებიდანაც გვაკითხავენ, მაგრამ ჩვენ ძირითადად ევროპელი სტუმრები გვყავს: გერმანია, დანია, იაპონია, საფრანგეთი, იტალია - ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, რომლის მოქალაქეებსაც ყოველწლიურად ვმასპინძლობთ", - აღნიშნავს ლელა ჯაფარიძე.
მისი თქმით, სვანეთის სტუმრები აუცილებლად ნახულობენ უშგულს, რადგან უშგულის გარეშე ეს მხარე წარმოუდგენელია.
საოჯახო სასტუმრო „ტეოს“ მეპატრონე ოლგა ხერგიანიც აცხადებს, რომ მათთან ბევრი ნომერი უკვე დაჯავშნილია.
„ამ სასტუმროს მფლობელები მე და ჩემი მეუღლე ვართ. სტუმრები ძირითადად პოლონეთიდან, უკრაინიდან და ისრაელიდან გვყავს. ძალიან მომრავლდნენ დამსვენებლები რუსეთის ფედერაციიდანაც“, - აღნიშნა მან „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.
სასტუმრო „ვილა მესტიას“ მენეჯერი ლევან დადვანიც ადასტურებს, რომ რუსეთიდან სულ უფრო მეტი დამსვენებელი ჩამოდის.
"როგორც ვიცი, მესტიაში თითქმის ყველა სასტუმრო დაკავებულია. ძნელია იმის თქმა, შარშან უფრო მეტი სტუმარი ჰყავდა სვანეთს, თუ წელს, რადგან ყოველწლიურად იხსნება ახალი სასტუმროები და მესტიას სულ უფრო მეტი ხალხი სტუმრობს. სომხები, თურქები და აზერბაიჯანელები აქ არ მოდიან, რადგან მათ უფრო ზღვისპირა კურორტები აინტერესებთ. ევროპელებს შორის კი, პოლონელები სჭარბობენ. კარგია, რომ მესტიას ტურისტები ზამთარშიც ჰყავს. რაც თეთნულდი გაიხსნა, ზამთრის სეზონი ძალიან გააქტიურდა - ხაწვალი და თეთნულდი ერთად ბევრ სტუმარს იზიდავს", - ამბობს ლევან დადვანი.
მისი თქმით, სვანეთს ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი გახდეს, თუმცა ამ მშვენიერ მხარეში პრობლემაც ბევრია.
"უცხოელ სტუმრებს ჩვენთან ბევრი რამ ხიბლავს: მთები, ხელუხლებელი ბუნება, უძველესი არქიტექტურა - აქ ყველა პირობაა იმისთვის, რომ მესტია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი გახდეს, მაგრამ მომსახურება მოიკოჭლებს. ხალხს გამოცდილება აკლია, ბევრმა პირველად შეაბიჯა ტურისტულ ბიზნესში და ბევრი რამ არ იცის. მომსახურების გაუმჯობესება აუცილებელია, თორემ ტურისტი წელს მოვა და როცა პირობები არ მოეწონება, მეორე წელს დასასვენებლად უკეთეს ადგილს იპოვის. სვანეთის ყველაზე სუსტი წერტილი გზები და ინფრასტრუქტურაა. არ არის გამორიცხული, რომ ზამთარში გზაც ჩაიკეტოს და დასვენებელმა ჩვენამდე ვერ მოაღწიოს - ამ ყველაფერს გათვალისწინება უნდა", - აღნიშნავს ლევან დადვანი.
მისი ზრით, სვანეთის უპირველესი პრობლემა ახალ-ახალი მშენებლობებია, რომლებიც მთის კოლორიტულ გარემოს არ უხდება.
"სვანეთში ზედიზედ აშენებენ შენობებს, რომლებიც არანაირ არქიტექტურულ ჩარჩოში და ნორმაში არ ჯდება. ეს კოშკებზე მაღალი ნაგებობებია, რომელიც არც ბუნებას უხდება და არც სვანურ კოლორიტს შეეფერება. უშგულსა და მესტიაში უკვე ააგეს რაღაც საშინელებები, რომელიც ამ დასახლებებს საერთოდ არ უხდება. კიდევ კარგი, ბოლო ხანს მესტიაში მშენებლობა შეაჩერეს, რადგან გენერალურ გეგმაზე მუშაობენ. უცხოელებს ჩვენთან სვანური კოლორიტი და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა იზიდავს, თორემ გაპრიალებული სასტუმროთი 21-ე საუკუნეში ვერავის გავაკვირვებთ. ის ავთენტური გარემო, რაც სვანეთს აქვს, უნდა შევინარჩუნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ტურისტები სვანეთში აღარ ამოვლენ", -
აცხადებს ლევან დადვანი.
ხათუნა ჩიგოგიძე