დოლარის კურსი ყველა მსხვილ ვალუტასთან მიმართებით ეცემა.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებზე წამყვანი ვალუტის პოზიცია საგრძნობლად შეირყა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, 1 თვის წინ დოლარის კურსი ევროსთან 1,11-ზე იყო, ამ ეტაპზე კი 1,17-ის ფარგლებშია. ფაქტია, რომ დოლარი სუსტდება დიდი სისწრაფით, რის გავლენას ვერც ქართული ვალუტა გაექცევა. მთავრობა და სებ-ი რაც არ უნდა ეცადონ, ლარის 2,40-იან ნიშნულზე დაჭერა გაძნელდება, რადგან დოლარი ყველა ვალუტასთან თმობს პოზიციას.
ჯერჯერობით კი ქართულმა ვალუტამ რთული წინასაარჩევნო პერიოდი უნდა გადაიტანოს, რომელიც სექტემბრის ბოლო რიცხვებიდან აქტიურად დაიწყება. საფინანსო ბაზრის სპეციალისტი ნიკა შენგელია ვარაუდობს, რომ სწორედ ამ დრომდე კურსს არაფერი ემუქრება და ლარი რამდენიმე პუნქტით შესაძლოა, გამყარდეს კიდეც.
"ტრამპის ადმინისტრაციის მორიგმა წარუმატებელმა მცდელობამ, მოეხდინა ჯანმრთელობის პროგრამის რეფორმირება, მთელი ადმინისტრაციის სტრატეგია ეჭვქვეშ დააყენა. ამან გამოიწვია ამერიკული სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობის მკვეთრად დაცემა, რასაც დოლარის ინდექსის 120 პუნქტით დაცემაც მოჰყვა.
ევროპის წამყვან ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაშიც, გაურკვევლობის პერიოდია. სანამ ევროპის ცენტრალური ბანკი (ეცბ) მონეტარული პოლიტიკის შეცვლას ფიქრობს, უკვე სექტემბერში ახლოვდება ფედერალური არჩევნები. სწორედ ესაა მიზეზი, რომ ეკონომიკური განწყობა მეორე თვეა, ეცემა.
ეცბ-ის ჩინოვნიკების მხრიდან თუ ხელოვნურად არ მოხდება ევროპული ვალუტის შესუსტება, ის დოლართან მიმართებით 1,18-ის ნიშნულს ნამდვილად მიაღწევს, ხოლო ბიზნესსაქმიანობის ინდექსის მაღალი მაჩვენებლის გამოსვლის შემთხვევაში, შესაძლოა, 1,20-იან ნიშნულამდეც ავიდეს", - აცხადებს შენგელია და დასძენს, რომ ევრო და იენა ჯერჯერობით ითავსებენ ფონდირების ფუნქციას და დოლარი/იენის წყვილის დაცემა 111 და 110 ნიშნულამდე სავსებით მოსალოდნელია.
საერთაშორისო ტენდენციებიდან გამომდინარე, ლარი, ცხადია, ევროს მიმართ დაცემას განაგრძობს. როგორც შენგელია ვარაუდობს, ერთკვირიან შუალედში ლარი იმერყევებს დოლართან მიმართებით 2,3890-2,4120-ის ფარგლებში, ხოლო ევროსთან მიმართებით – 2,7550-2,7950 საზღვრებში.
"დოლარის ინდექსის ვარდნის შეჩერებას, სავარაუდოდ, აგვისტოს დასაწყისიდან უნდა ველოდოთ. 10 აგვისტოდან ველოდებით მის შესამჩნევ ზრდას. საშუალოვადიან პერიოდში ლარი სტაბილური იქნება, შედარებით გაუფასურების დასაწყისი მოსალოდნელია სექტემბრის ბოლოდან, მაშინ, როდესაც აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა გაზრდის საპროცენტო განაკვეთს და ევროპის ცენტრალური ბანკი გაამკაცრებს ფულად საკრედიტო პოლიტიკას", - განმარტავს ნიკა შენგელია.
როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, პოლიტიკური პროცესის გავლენა დოლარზე კიდევ რამდენიმე ხანს გასტანს და შემდეგ იგი პოზიციებს გაიუმჯობესებს. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, გლობალური სავალუტო ცვლილება საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე უმნიშვნელოდ აისახა. შეიძლება ითქვას, რომ ლარი კვლავ შიდა ფაქტორების ტყვეობაში რჩება.
ექსპერტები დამატებით საუბრობენ ლარის სამომავლო ტენდენციაზეც, რაც, მათი აზრით, ამჯერადაც გლობალური პროცესების მიღმა დარჩა. მიუხედავად ამისა, ფინანსისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი მაინც ვარაუდობს, რომ უახლოეს პერიოდში ლარი პოზიციას კიდევ უფრო გაიუმჯობესებს.
"რეაქცია ნამდვილად შესამჩნევია. დოლარი ევროსა და სხვა წამყვან ვალუტებთან მიმართებით მართლაც ეცემა. დიდი ცვლილება არ მომხდარა იმასთან შედარებით, რისი მოლოდინიც უცხოელ ანალიტიკოსებს ჰქონდათ. უფრო სერიოზული გავლენა მან საფონდო ბირჟებსა და სხვა სექტორზე მოახდინა.
რაც შეეხება ლარს, ჩემი აზრით, კურსზე სეზონის განმავლობაში მნიშვნელოვან გავლენას ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მოახდენს. აქედან გამომდინარე, მოთხოვნა გაიზრდება ლარზე, სხვა განსაკუთრებული ტრანზაქციები არ შეიმჩნევა, ამიტომ ეროვნული ვალუტის გამყარების პროცესი გაგრძელდება დაახლოებით სექტემბრის შუა ან ბოლო რიცხვებამდე. ამ პერიოდში ეროვნული ვალუტა კიდევ გამყარდება, 1 პუნქტით დაბლა ჩამოვა – 2,38-2,39-ის ფარგლებში იმერყევებს კურსი.
მნიშვნელოვანია, რომ სებ-ს ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებული ინტერვენციები არ განუხორციელებია. დაველოდოთ სექტემბერს, როცა უფრო გამოჩნდება მთავრობის მუშაობის შედეგი უცხოური ინვესტიციებთან დაკავშირებით", - აცხადებს ხომიზურაშვილი.
რაც შეეხება მსოფლიოს ძირითად ვალუტას, ფინანსისტი ფიქრობს, რომ დოლარი წლის ბოლომდე კიდევ უფრო გაუფასურდება.
"ტრამპი ორიენტირებულია ამერიკის ეკონომიკის განვითარებაზე. ბოლო დროს ხარჯი შეუმცირდა აშშ-ს საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმართებით. დოლარი შეიძლება კიდევ უფრო გაუფასურდეს, ეს გარდაუვალი მომენტია, მით უმეტეს, თუ ტრამპი ზედმიწევნით შეასრულებს თავის განზრახვას.
ლარზე ეს ნაკლებად მოახდენს გავლენას, რადგან ჩვენ არ ვართ ინტეგრირებული საკმარის დონეზე არც მსოფლიო საფინანსო სისტემაში და არც სავაჭრო ურთიერთობებში. ამდენად, ქართულ ეკონომიკისა და, განსაკუთრებით, ეროვნული ვალუტის კუთხით დიდ ცვლილებას არ ველი. ჩვენს ბიზნესს არ აქვს ისეთი კაპიტალდაბანდებები ამერიკის საფონდო ბირჟებში, რომ რამე სახის ზარალი განიცადონ.
ლარის სტაბილურობა მხოლოდ და მხოლოდ შიდა ფაქტორებზეა დამოკიდებული. აქ არის ორი მომენტი: ერთი - ეროვნული ბანკის ფულადსაკრედიტო პოლიტიკა; მეორე – მთავრობის სტრატეგიაზე, ანუ რამდენად შეიქმნება ხელსაყრელი გარემო, რომ საინვესტიციო ნაკადები წამოვიდეს ეკონომიკის რეალურ სექტორში. ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ განვითარდება ფასიანი ქაღალდების ბაზარი, რისთვისაც მთელი რიგი რეფორმებია გასატარებელი. ჩვენ იმდენად პრობლემური ეკონომიკა გვაქვს, რომ მსოფლიო ბაზრებზე მიმდინარე სავალუტო ცვლილებებს ქართულ ვალუტაზე დიდი რეზონანსი არ ექნება", - აცხადებს ვახტანგ ხომიზურაშვილი.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"