დიღმის გასხვისებული ტყე-პარკის ნაწილი ქალაქს უბრუნდება, - თბილისის მერის ინფორმაციით, ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
კერძოდ, საუბარია 10 000 მ² მიწის ნაკვეთზე. თბილისის მერის თქმით, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კერძო მესაკუთრესთან რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და საბოლოოდ, საკითხი ქალაქისთვის სასიკეთოდ გადაწყდა.
„ამით, ფაქტობრივად, მე შევასრულე ჩემი კიდევ ერთი წინასაარჩევნო დაპირება და დავიწყე დიღმის ტყე-პარკის გამოსყიდვის პროცესი, რათა ეს სივრცე დაუბრუნდეს ქალაქს, დაუბრუნდეს თბილისს და თბილისელებს. გამოსყიდულ მიწის ნაკვეთზე უახლოეს პერიოდში საშემოდგომო გამწვანების ღონისძიებები განხორციელდება. დასრულების ფაზაშია ტყე-პარკის 16 400 მ2 მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობის საკითხიც“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, გარდა დიღმის ტყე პარკისა, საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, თბილისის მერიამ წლების განმავლობაში უკანონოდ გასხვისებული არაერთი ტერიტორია დაუბრუნა ქალაქს საზოგადოებრივი სივრცის სახით, ჯამში - 9 489 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი, მათ შორის: სკვერი ყაზბეგის გამზირზე, ტერიტორია შავი ზღვისა და აწყურის ქუჩების გადაკვეთაზე (განხორციელდა ბენზინგასამართი სადგურის დემონტაჟი და მოეწყო სკვერი) და სხვა.