ჩვენ მივიღეთ ქალაქისთვის კიდევ ერთი ძალიან სასიკეთო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - იზრდება ვაკის პარკის ტერიტორიული საზღვრები , - თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დავით ნარმანიას განმარტებით, ვაკის პარკს უერთდება კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია და მთლიანი ფართობი ექცევა ერთი საკადასტრო კოდის ქვეშ.
”რაც მთავარია - მთელ ამ სივრცეს ენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი“, - აღნიშნა ნარმანიამ.
მისივე განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ვაკის პარკის ფართობი 18 ჰა-ს შეადგენს და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის შეერთების შემდეგ, პარკის საზღვრები 34 ჰა-მდე გაიზრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ქალაქს შეემატება კიდევ ერთი დაცული რეკრეაციული ზონა, რომელსაც მიენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.