სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2016 წლის ფინანსური აუდიტი.
როგორც აუდიტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში არ იყო ასახული სამინისტროს მიერ კონტროლირებული შპს „სპორტმშენსერვისის“ კრებსითი ფინანსური ინფორმაცია, აქტივების, ვალდებულებების, ნამეტისა და დეფიციტის ჯამური თანხების ჩათვლით. შედეგად, ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლები არ იყვნენ უზრუნველყოფილი მნიშვნელოვანი ინფორმაციით.
"2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, სამინისტროს სარგებლობაშია სხვადასხვა მიწის ნაკვეთი, მაგრამ ბუღალტრულად ისინი აღრიცხული იყო ნულოვანი ღირებულებით. აღნიშნული შეუსაბამობების ფინანსურ ანგარიშგებაზე შესაძლო გავლენის ეფექტის დადგენის შესაძლებლობის არქონის გამო, აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო რწმუნება კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში აღრიცხული გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების სისრულესა და შეფასებაზე;
ა(ა)იპ „ფეხბურთის განვითარების ფონდის“ მიერ სახელფასო ფონდის განსაზღვრისას არ არის გათვალისწინებული საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები, რის შედეგადაც ადგილი აქვს საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრული შეზღუდვების უგულებელყოფას, კერძოდ:
ფონდის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობზე ფაქტობრივად დასაქმებული თანამშრომლების საშუალო თანამდებობრივი სარგო აღემატება კანონმდებლობით დადგენილ 1,500 ლარს, ხოლო ფონდის დირექტორის თანამდებობრივი სარგო აღემატება საქართველოს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობრივ სარგოს - 2,950 ლარს;
სსიპ „საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის’’ მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებების ფარგლებში, ოფიციალური მიწვევების თანახმად, ღონისძიების ორგანიზატორი მხარე უზრუნველყოფდა როგორც კვების, ასევე სასტუმროს ხარჯების დაფარვას, თუმცა მივლინებულ თანამშრომელზე თანხები გაცემული იყო სასტუმროს დაქირავების მიზნით, ხოლო სადღეღამისო ხარჯები ანაზღაურდა სრულად, ნაცვლად კანონმდებლობით გათვალისწინებული 30%-ისა.
აუდიტის მიმდინარეობისას ანგარიშვალდებული პირის მიერ დაბრუნებული იქნა 2016 წელს ზედმეტად ანაზღაურებული თანხა 4,023 ლარის ოდენობით", - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციაში.