საქართველოს ეროვნული ბანკი დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2017 წლის პირველი ივლისისათვის 16.8 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 463.8 მლნ ლარით ანუ 2.8 პროცენტით მეტია პირველი ივნისისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 3.4 პროცენტით მეტი).
ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 2.3 მლნ ლარით ანუ 0.03 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.7 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 461.4 მლნ ლარით, ანუ 6.3 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 6.7 პროცენტით).
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 32.46 პროცენტი შეადგინა. პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.86 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 4.7 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 9.3 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 3.7 პროცენტი.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.1 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 11.7 პროცენტი შეადგინა.