საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანი ხარჯვის უზრუნველყოფის მიზნით, სატელევიზიო საეთერო დროს, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გასავრცელებლად, სახელმწიფო კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით შეისყიდის.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო სახსრების ეფექტიანი ხარჯვის უზრუნველსაყოფად, საეთერო დროის შეძენა არა წუთობრივად, არამედ GRP-ის (ყურებადობის) შესაბამისად განხორციელდეს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, მომსახურების შეძენაზე კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადებამდე, არაერთი შეხვედრა გამართა როგორც მომსახურების მომწოდებლებთან, ასევე - შემსყიდველ სახელმწიფო უწყებებთან. შეხვედრებში მონაწილეობდა თითქმის ყველა სამაუწყებლო კომპანია, რომელიც ავტორიზებულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ და მინიჭებული აქვს მაუწყებლობის უფლება. ბაზრის კვლევის ეტაპზე ტელეკომპანიებს მიეცათ შესაძლებლობა განეხორციელებინათ მათთვის სასურველი ფასის წერილობით დაფიქსირება, რასაც 14 მაუწყებელი გამოეხმაურა. შედეგად, კონსოლიდირებული ტენდერი თავად მაუწყებლების მიერ დაფიქსირებული უმცირესი ფასიდან გამოცხადდა.
მომსახურების შესყიდვა ტელეკომპანიების რეიტინგების შესაბამისად, ორ ლოტად გაიყო. პირველ ლოტში მონაწილეობა შეეძლოთ მაღალრეიტინგიან მაუწყებლებს (AMR არანაკლებ 4%-ისა), ხოლო მეორე ლოტში - შედარებით დაბალრეიტინგიან სატელევიზიო მაუწყებლებს (AMR 4%-ზე დაბალი). პირველი ლოტი, რომლის სარეიტინგო მოთხოვნებს მხოლოდ „იმედი“ და „რუსთავი 2“ აკმაყოფილებენ, 13 ივლისს გამოცხადდა, თუმცა მასში მონაწილეობა მხოლოდ ტელეკომპანია „იმედმა“ მიიღო. მას შემდეგ, რაც კონსოლიდირებული ტენდერის კომისია ტელეკომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას შეისწავლის, სატენდერო კომისია გამარჯვებულის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს სატენდერო კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმით. აღსანიშნავია, რომ შესყიდვების სააგენტოს შეთავაზებაზე, სასურველი ფასი ბაზრის კვლევის ეტაპზე დააფიქსირა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მაც, თუმცა კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობა აღარ მიიღო.
რაც შეეხება მეორე ლოტს, შესყიდვების სააგენტომ მასზე ტენდერი 21 ივლისს გამოაცხადა და მასში მონაწილეობის მიღება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ავტორიზებულ მაუწყებლებს ერთი კვირის განმავლობაში შეეძლებათ.
ტენდერის პირობებით, გამარჯვებული შესაძლოა იყოს ტენდერში მონაწილე ყველა მაუწყებელი, რომლისთვისაც მისაღები იქნება თავად ტელეკომპანიების მიერვე დაფიქსირებული ყველაზე დაბალი ფასი.
საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანი და რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფის მიზნით, კონსოლიდირებულ ტენდერებს შესყიდვების სააგენტო ქვეყნის მასშტაბით 2012 წლიდან ატარებს. ბაზრის კვლევის შესაბამისად, კონსოლიდირებული ტენდერით შესაძენი პროდუქციისა და მომსახურების ჩამონათვალი ყოველწლიურად იზრდება, რაც, მასშტაბის ეკონომიასთან ერთად, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვისა და კიდევ უფრო ეფექტიანი ხარჯვის შესაძლებლობას იძლევა. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, კონსოლიდირებული ტენდერით ნავთობპროდუქტების შეძენის შედეგად მიღებულმა ეკონომიამ 31 მილიონ ლარამდე შეადგინა; კომპიუტერების შეძენით მიღებულმა ეკონომიამ - 4 294 995 ლარი; საბეჭდი ქაღალდის შეძენით - 533 264 ლარი, ხოლო საბურავების შეძენით - 7 195 920 ლარი.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ბაზრის კვლევას განაგრძობს, რათა გამოვლინდეს ის პროდუქტები და მომსახურებები, რომელთა შესყიდვისას ერთის მხრივ ბაზარზე არ დაირღვევა კონკურენცია და მეორეს მხრივ განხორციელდება სახელმწიფო სახსრების დაზოგვა და ხელი შეეწყობა ბიუჯეტის კიდევ უფრო ეფექტიან ხარჯვას.
დამატებით აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს გამოცხადდა ორი ახალი კონსოლიდირებული ტენდერის სახეობა : პრინტერები-კარტრიჯები და უწყვეტი კვების წყაროები, რომლის შედეგადაც მოსალოდნელი საპროგნოზო ეკონომია 6-დან 7 მლნ ლარამდეა.