უკვე მეორე წელია, სამეგრელოში თხილი შემოსავლის წყაროდ აღარ მიიჩნევა.
ამ დროისთვის თხილის ფასი 2, 50 ლარიდან, 3-მდე მერყეობს. შარშანდელთან შედარებით, რაოდენობა წელს უფრო დიდია, თუმცა ბევრად უხარისხო, ვიდრე შარშან. ადგილობრივების თქმით, წელს თხილის მტერი მხოლოდ აზიური ფაროსანა არ არის. ამჯერად, თხილის მეურნეობას სოკოვანი დაავადება ნაცარი ებრძვის.
"10 გატეხილი თხილიდან, 8 შავი და დაობებული იყო, ერთი ცარიელი და მხოლოდ ერთი საღი. ძალიან ბევრმა უარი თქვა თხილის მოგროვებაზე, არ უღირთ, დღეში 25 ლარი უნდა მისცე მუშახელს, უნდა აჭამო, მოასვენო. საბოლოოდ კი შესაძლოა თხილი ისეთი ხარისხის აღმოჩნდეს, 1 კგ თხილში 1 ლარიც არ მოგცენ. შარშანაც ასე იყო. დადიოდნენ და თხილის მეწარმეებს ეხვეწებოდნენ - 1 ლარად მაინც წაიღეთო. ასე რომ, არ უღირთ, ზედმეტი ხარჯია. არადა, ნაყოფის ხეზე შეტოვებაც არ შეიძლება, მცენარეს აფუჭებს. ალბათ უბრალოდ ძირს ჩამოყრიან და დატოვებენ", - ამბობს სოფელ დარჩელის მკვიდრი მერაბ მებონია.
ადგილობრივების თქმით, შარშან ძალიან ბევრს იმედი ჰქონდა, რომ სახელმწიფოსთან ერთად, ერთობლივი ძალებით მოხდებოდა პრობლემის მოგვარება, თუმცა როგორც მათ აუხსნეს, ჯერჯერობით დაუდგენელია ხოჭოს მოსპობისა და "ნაცარის" მკურნალობის გზები.
"რამდენიმე მეტრის დაშორებით, თხილნარებთან ახლოს, რაღაც პატარა ყუთები დადგეს და ხალხს იმედი გაუჩნდა, რომ იქიდან ხოჭოს შესაწამლი ნივთიერება გამოიფრქვეოდა. რაღაც დროის განმავლობაში, მართლა შეამცირა მათი რაოდენობა, მაგრამ შემდეგ ისევ მომრავლდნენ. მეორე წელია, თხილის მოსავლით ვერ ვსარგებლობთ. კიდევ კარგი განსხვავებული ვითარებაა წალენჯიხაში. შარშან გალის რაიონიდანაც გადმოჰქონდათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მხოლოდ ენგურის ხიდის გადასავლელი დატოვეს, თხილის გადმოტანა გართულდება, იქაურ გლეხებს ძვირი გადასახადის გადახდა მოუწევთ და ალბათ ბევრი თავს შეიკავებს", - ამბობს ზუგდიდელი ნაირა ჭანტურია.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს ინფორმაციით, მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ რეგიონის პირობებში მავნებლის შესწავლა და მასთან ბრძოლის ღონისძიებების დამუშავება.
არსებობს კიდევ ერთი, ერთი შეხედვით უჩინარი მავნებელი, რომელიც თხილის მცენარის შტამბს აზიანებს. დაზიანების ადგილას სიგრძივ ზოლად გასდევს სხვადასხვა ზომის მოყავისფროდ "შებოლილი ლაქები", რომლის შიგნით მცენარის კანზე შეიმჩნევა ნახვრეტი. მავნებლი ხოჭო ღრმად შედის მერქანში და აზიანებს მას.
მათივე თქმით, ხოჭო ჩვენი პირობებისთვის არ არის სათანადოდ შესწავლილი, თან უფრო და უფრო ძლიერდება და ახალი კერების გამოვლინებისას, თხილის მეწარმეებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს სამსახურს უნდა მიმართონ, სადაც შესაძლებელია ამომწურავი ინფორმაციის მიღება.
ლალი პაპასკირი