თბილისის მერია "პანორამა თბილისის" პროექტს განიხილავს

"პანორამა თბილისის" პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით დღეს, სასტუმრო Holiday Inn-ში თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართება.

მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სხდომაზე უზრუნველყოფილი იქნება დაინტერესებული პირების განხილვაში მონაწილეობა. ამასთან, თბილისის მერია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მხარს უჭერს დედაქალაქში სამშენებლო-საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, თბილისის უბნების რეაბილიტაციასა და თვისობრივ განახლებას, მისი ისტორიულად ჩამოყალიბებული თვითმყოფადი სახის მაქსიმალურად შენარჩუნების პირობით.

მერიაში იმედოვნებენ, რომ დაინტერესებული პირების მონაწილეობა კანონმდებლობის შესაბამისად, სწორი გადაწყვეტილების მიღებას ხელს შეუწყობს.