თბილისის საკრებულოში „გამწვანება 2016“-ისთვის ტენდერით 2 500 000 ლარის გადაცემის საკითხს ხმაური მოყვა

თბილისის საკრებულოში „გამწვანება 2016“-ისთვის ტენდერით 2 500 000 ლარის გადაცემის საკითხს სხდომაზე ხმაური მოყვა.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი სხდომის დასაწყისში დაინტერესდა, რატომ გადაეცა კომპანია ”გამწვანება 2016” -ს 2 500 000 ლარი, რომელიც ტენდერის შემდეგ დარეგისტრირდა და მანამდე არანაირი შესაბამისი გამოცდილება არ გააჩნდა.

”23 აგვისტოს გამოცხადდა ტენდერი და კომპანია ”გამწვანება 2016” 29 აგვისტოს დარეგისტრირდა. მათ ოფისიც არ აქვთ. სადღაც კორპუსშია დარეგისტრირებული და მისამართზე თანამშრომელიც კი არ მოიძიება. 2 500 000 ლარი მოიგო კომპანიამ, რომელიც ტენდერიდან 6 დღეში დარეგისტრირდა და ჯოხი არ ქონდა მანამდე მიწაში ჩარჭობილი. გარდა ამისა, როგორ მოხდა, რომ ხეები თბილისის ზღვასთან, მაგისტრალურ მილსადენთან არის დარგული. 9 000 ვერხვიდან მხოლოდ რამდენიმემ გაიხარა”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი დაინტერესდა, წარმოადგენს თუ არა ეს ფაქტი კორუფციას. ელისაშვილმა დაინტერესებულ პირებს, კერძოდ, სხდომაზე მყოფ გამწვანების საქალაქო სასამსახურის უფროსს, გიორგი წერეთელს შესთავაზა მერიასთან ერთად თუ სურვილი ექნებოდა სხდომის შემდეგ წასულიყვნენ ადგილზე სანახავად.

სხდომაზე ასევე გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი აღნიშნული საკითხით დაინტერესდა და მიმართა კოლეგებს, დაინტერესდნენ, რატომ გაიმარჯვა ტენდერში ისეთმა კომპანიამ, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ ქონდა და მანამდე დარეგისტრირებული არ იყო.

ოპოზიციონერი დეპუტატების საპასუხოდ გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი წერეთელმა განაცხადა, რომ ტენდერში ამ კომპანიამ ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა. იგი აცხადებს, რომ კომპანიას ვალდებულება აქვს, გამხმარი ახლით ჩაანაცვლოს.

ამის საპასუხოდ ალეკო ელისაშვილმა მიმართა გიორგი წერეთელს, რატომ არ იყოს ტენდერის ჩატარების დროს მნიშვნელოვანი კომპანიის გამოცდილება.

ლიკა ამირაშვილი