ანაკლიაში ზღვის სეზონი აქტიურ ფაზაშია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში წვიმდა, ადგილობრივები დამსვენებლების სიმცირეს არ უჩივიან.
უკვე აშენებულ-გარემონტებული საოჯახო და კერძო სასტუმროების კვალდაკვალ, ახალი მშენებლობებიც მიმდინარეობს.
ანაკლიაში დასაქირავებელი ბინის ფასები დღე-ღამეში 30 ლარიდან იწყება. სხვა კურორტების მსგავსად, აქაც ფასი ბინის ადგილმდებარეობასა და კეთილმოწყობაზეა დამოკიდებული. დამსვენებელთა ერთი ნაწილის თქმით, თბილისთან შედარებით, ანაკლიაში ყველაფერი ორმაგი ღირს, თუმცა ზღვისპირიდან ოდნავ მოშორებით, შეღავათიანი ფასებია.
ანაკლიაში მყოფი დამსვენებლების თქმით, "ჯემ ფესტის" დღეებში საკმაოდ სიძვირე იყო და 40-თეთრიანი წყალი 2 ლარი ღირდა, კოკა-კოლა - 2-2.50 ლარი, ენერგეტიკული სასმელი - 7 ლარი, ლუდი - 4-5 ლარი, ყავის ფასი კი 3-დან 6 ლარამდე ადიოდა. თუმცა, არასაფესტივალო დღეებში ფასები შედარებით იკლებს.
"ფესტივალზე სასტუმრო "პალმ ბიჩში" ვისვენებდით, სადაც ერთი ნომერი 200 ლარი ღირს. ამ ფასში შედის საუზმეც. ფასების მხრივ, საკმაოდ სიძვირეა სასტუმროს გარეთაც", - გვითხრა ანაკლიის დამსვენებელმა თაკო გოგსაძემ.
სიძვირეს უჩივიან საოჯახო სასტუმროს დამსვენებლებიც. თუმცა, მათი თქმით, სეზონის დასაწყისში ფასები უფრო მაღალი იყო, ვიდრე ახლა.
"50-60-ლარიანი ნომრები, ახლა 40-50 ლარად შეიძლება იპოვოთ. უბრალოდ, ადგილობრივები გაფრთხილდნენ და ყველას არ უშვებენ, რადგან მდგმურების გაპარვის ფაქტები დაფიქსირდა. ასე რომ, ახლა უმეტესაც რეკომენდაციებით იღებენ დამსვენებლებს ოჯახებში. ასევე, აქტიურად მუშაობენ სხვადასხვა ტურისტული ორგანიზაციები, რომლებიც წინასწარ უთანხმდებიან დამსვენებელსა და საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს. როგორც ვიცი, ვიღაცებმა მომავალი წლისთვისაც დაჯავშნეს ადგილები. რაც შეეხება სხვა ფასებს, ზღვიდან ოდნავ მოშორებით, საკმაოდ დაბალი ფასებია, - ხაჭაპური - 6-8 ლარი, პიცა - 10-12-14 ლარი... თავიდან უფრო სიძვირე იყო, ამიტომ ზოგიერთი დამსვენებელი ზუგდიდში მიდიოდა საჭმელად. ამის გამო ადგილობრივებმა მნიშვნელოვნად დაწიეს ფასები... თუმცა, არის ძვირიანი კაფე-ბარებიც, სადაც ჭიქა წვენისა და ყავის ფასი 10 ლარიდან იწყება, მაგრამ მათ თავიანთი მომხმარებლები ჰყავთ, ძირითადად ტურისტები", - ამბობს თბილისელი დამსვენებელი ლევან ბახტაძე.
დამსვენებლების თქმით, მობილიზებულია პატრული და სასწრაფო. თუ ერთი-ორ შემთხვევას არ ჩავთვლით, შარშანდელისგან განსხვავებით, ქურდობის ფაქტები შემცირებულია.
"შარშან ძალიან ბევრი ჩიოდა, ჩანთა, საფულე და მობილური მოგვპარესო. წელს, ეს საკითხი მეტ-ნაკლებად მოგვარებულია", - ამბობს ადგილობრივი კაფეს მეპატრონე ირაკლი ქობალია.
ლალი პაპასკირი