თბილისში ავარიულ უბნებს ახალ-ახალი დასახლებები ემატება.
ტრადიციულად, პრობლემურ უბნებს უკვე ნაძალადევი, დიდუბე და აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაც დაემატა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, იქ ავარიული სახლების რაოდენობა უკვე ნორმას აღემატება. ასეთ სახლებში ცხოვრება სახიფათოა. ურბანისტების თქმით, ქვეყანაში არ არსებობს გასახლების როგორც პოლიტიკა, ასევე სტრატეგია.
თბილისში ავარიული სახლების უმრავლესობას, დანგრევის გარდა, არაფერი ეშველება, ასე ფიქრობს საკრებულოს დეპუტატი მანუჩარ მაჩაიძე და იქვე ასახელებს დასახლებებს, რომლებმაც ავარიული უბნების კატეგორიაში გადაინაცვლეს – ნაძალადევი, დიდუბე, აღმაშენებლის გამზირი, მთაწმინდა. მისი თქმით, ზოგან რესტავრაცია უკვე დაწყებულია, თუმცა იმდენად ბევრ შენობა-ნაგებობაზეა საუბარი, რომ რამდენიმე რესტავრირებული სახლი თვალში საცემი არ არის. მოსახლეობას დაზიანებულ სახლებში ცხოვრებით საფრთხე ემუქრება და აუცილებელია მათი დაცვა.
"ათეული წელია, თბილისის ბევრ უბანში სახლები ნგრევისკენ მიდის და მათი რესტავრაცია ვერ ხერხდება. ზოგი სიძველის, ზოგი კი მიწისძვრის გამო დაზიანდა და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. ზუსტი აღწერილობა, თუ რომელ უბანში რამდენი სახლია დაზიანებული, არ გვაქვს, თუმცა ფაქტია, რომ ქალაქში მათი სიმრავლე შეინიშნება. ბევრია ისეთი, რომელსაც დანგრევის გარდა აღარაფერი ეშველება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იქ ხალხი ცხოვრობს.
თბილისში ეს პრობლემა კომუნისტების დროიდან არსებობს. მაგალითად, ნაძალადევი ერთ-ერთი უბანია, სადაც ავარიულ სახლებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით. მთაწმინდა, აღმაშენებელი, დიდუბე თითქმის ერთნაირად ცუდ დღეშია. ამორტიზებული სახლების შესაკეთებლად წინა ხელისუფლების დროს 1 ლარიც კი არ დახარჯულა. ჩემი საკრებულოში მოსვლის შემდეგ სპეციალურად შევამოწმე და ეს სურათი დამხვდა.
სიმართლე გითხრათ, ახლა უკვე დაწყებულია რესტავრაცია, თუმცა იმდენად ბევრია ასეთი სახლების რაოდენობა, რომ რთული შესამჩნევია, რა კეთდება და რა - არა. ფაქტია, ნახევარი თბილისი თავიდანაა ასაშენებელი. მესმის, რომ პრობლემა ერთ ან ორ წელიწადში ვერ გადაიჭრება, მაგრამ ეტაპობრივად უნდა მივყვეთ და ყველა შენობა, რომელიც რესტავრაციას მოითხოვს, განვაახლოთ და რომელიც დანგრევასა და მის ადგილზე ახლის აშენებას საიჭროებს, ახალი ავაშენოთ. ავარიულ სახლებში ხალხი ცხოვრობს, რაც მათ სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს", - განუცხადა "რეზონანსს" მაჩაიძემ.
საცხოვრისის პრობლემაზე საუბრობს ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე და აღნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში განსახლების პოლიტიკა და სტრატეგია არ არსებობს. ავარიული შენობების უმრავლესობა წლებია, ხელშეუხებელია და მას სასწრაფოდ რესტავრაცია სჭირდება. ურბანისტი მონიტორიგის სისტემაზეც საუბრობს, რომლის დაწყებაც ქალაქში არსებულ ქაოსს გაანეიტრალებს.
"ასე კვარტალურად და უბნებად ვერ ვიმსჯელებთ, შეიძლება, ერთსა და იმავე უბანში იყოს როგორც დაზიანებული, ასევე ძალიან მაღალ დონეზე აშენებული სახლიც. აუცილებელია, ყველა შენობას ჰქონდეს ტექნიკური პასპორტი, სადაც აღწერილი იქნება მრავალი პარამეტრი და მათ შორის, ტექნიკური მდგომარეობაც.
აუცილებელია მონიტორინგის სისტემაც, რომელიც შენობა-ნაგებობებს დააკვირდება. საამისოდ ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შანსი, როდესაც თბილისის მიწისძვრა მოხდა 2002 წლის 25 აპრილს. მაშინ არსებობდა მშენებლობის სამინისტრო. მათ ჩაატარეს ინვენტარიზაცია. სამ კატეგორიად იყო დაყოფილი ავარიულობის მიხედვით შენობები და მაშინ შედგა ტექნიკური დოკუმენტაცია. ეს იყო კარგი მომენტი, დაწყებულიყო მონიტორინგი და დღეს ასეთი ქაოსი აღარ გვექნებოდა.
შემდეგ იყო ნაციონალების პერიოდი და ყველას გვახსოვს ბენდუქიძის ლოზუნგი, რომ ყველაფერს ბაზარი მოაწესრიგებდა. ამან განსაზღვრა ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა წლების განმავლობაში და მისი ლოზუნგი ნამდვილად არ შეესაბამებოდა რეალობას.
გუშინ გვქონდა შეხვედრა არასამთარვობო ორგანიზაცია "აფხაზეთის ჰუმანიტარულ ცენტრთან", ის ევროკავშირის დახმარებით ახორციელებს საცხოვრისის კვლევას. მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყანას არ გააჩნია განსახლების არც პოლიტიკა, არც სტრატეგია და ხედვა. ჩვენ, ურბანისტები დაჟინებით მოვითხოვთ ამ პრობლემის გადაჭრას. ამ საკითხით უნდა დაკავდეს ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ამის შემდეგ შეიძლება ნელ-ნელა მოგვარდეს ყველა ის პრობლემა, რომელიც საცხოვრისთანაა დაკავშირებული", - განაცხადა ვარდოსანიძემ.
მშენებელი, დოქტორი ოთარ წიწილაშვილი "რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ავარიული სახლების რესტავრაცია მოსახლეობამ აქტიურად უნდა მოითხოვოს და ისინი არ უნდა გაჩერდნენ, ვიდრე სასურველ შედეგს არ მიიღებენ. მისი თქმით, შენობების გაუმართაობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკანონო მიშენებებია, რომლებიც დიდ პრობლემას უქმნის სახლებსა და მის მცხოვრებლებს.
"თბილისში ავარიული შენობების რაოდენობა მართლაც თვალში საცემად ბევრია. ზოგი სიძველის, ზოგი მიწისძვრის, ზოგი კი დაუდევრობის გამოა ასეთ დღეში ჩავარდნილი. მოსახლეობა არ უნდა გაჩერდეს და უნდა მოითხოვს სახლების რესტავრაცია. არ უნდა მოითმინონ ისეთ სახლებში და პირობებში ცხოვრება, სადაც ისინი არიან.
ცალკე თემაა მიშენებები, რომლებიც გაკეთდა 90-იან წლებში ყოველგვარი პროექტის გარეშე. ვიტყოდი, რომ ეს არის თავად მოსახლეობის მხრიდან თავგასული ქცევა, რის გამოც თვითონ ანგრევენ თავიანთ კორპუსებს", - განაცხადა ოთარ წიწილაშვილმა.
ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"