"კომპანიას, რომელიც საცხოვრებლი სახლის დემონტაჟს ახდენდა, უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით გაფრთხილება რამდენჯერმე ჰქონდა მიღებული"

დიდუბის გამგებლის ირმა ზავრადაშვილის ინფორმაციით, სამშენებლო კომპანია ”როიალ გრუპს”, რომელიც დიდუბეში, სოხუმის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის დემონტაჟს ახორციელებდა, მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან რამდენჯერმე ჰქონდა გაფრთხილება მიცემული უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ”როიალ გრუპმა” ბოლო გაფრთხილება უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით 24 ივლისს მიიღო.

”მშენებლობას აწარმოებდა ”როიალ გრუპი”, რა თქმა უნდა, მერიის ნებართვით. ზედამხედველობის სამსახურს გაფრთხილებული ჰყავდა, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული უნდა ყოფილიყო. ამ ორშაბათსაც არის გაფრთხილებული ”როიალ გრუპი”. მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების შემდეგ იქნება ობიექტური პასუხები. გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია სამი ადამიანი, რომლებიც გადაყვანილები არიან მიხაილოვისა და ალადაშვილის კლინიკებში“ , - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.