კობა გვენეტაძე - რეგიონებში ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე მიღებულ ინფორმაციას ეროვნულ ბანკში განვიხილავთ

რეგიონებში ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე მიღებულ ინფორმაციას ეროვნულ ბანკში განვიხილავთ , - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს, ბათუმში განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. გარდა ამისა, დღესვე კობა გვენეტაძე ბათუმში ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდება.

როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, მსგავსი შეხვედრები მან ქუთაისსა და თელავში გამართა, სადაც ძალიან საინტერესო განხილვები წარიმართა.

„ველი, რომ დღესაც საინტერესო განხილვები იქნება ბიზნესის წარმომადგენლებთან. ჩვენ ყველა ინფორმაციას, რომელსაც ვიღებთ, შემდეგ უკვე ვაკეთებთ ამ საკითხების განხილვას ეროვნულ ბანკში. ვცდილობთ გავიგოთ, თუ რა სახის საკითხებია, რასაც ბიზნესის წარმომადგენლები სვამენ, რადგანაც ბიზნესი არის ის, რაც ეკონომიკას ქმნის. აქედან გამომდინარე, ვაანალიზებთ, თუ რისი გაკეთება შეიძლება მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში“, - განაცხადა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, ერთ-ერთ კანონში რამდენიმე პუნქტის ცვლილება განპირობებული იყო იმ გარემოებებიდან, რაც გასვლითი შეხვედრების დროს შეგროვდა.

„ჩვენ არ გვაქვს ფილიალები და წარმომადგენლობები. ეროვნული ბანკი მდებარეობს თბილისში და აქედან გამომდინარე, ასეთ შეხვედრებს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა გვენეტაძემ.