სავალუტო ბაზარი დღეს მიმდინარე თვის ერთ-ერთ მთავარ მოვლენას ელის.
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სააგენტო დოლარზე საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სწორედ დღეს გამოაცხადებს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ განაკვეთის ზედიზედ მეორე სხდომაზე ზრდას, პრაქტიკულად არავინ ელის. მაგრამ არის გარემოება, რომელიც ბაზრის მონაწილეთა ყურადღებას იპყრობს.
ფედერალურმა სარეზერვო სააგენტომ შესაძლოა მიგვანიშნოს, როდის აპირებს მის ხელთ დაგროვილი აქტივების ბაზარზე გამოტანის დაწყებას. ეს ის აქტივებია, რომლებსაც სახელმწიფო ეკონომიკის სტიმულირების პროგრამის შესაბამისად, რამდენიმე წლის განმავლობაში ყიდულობდა. აქტივების გაყიდვა რომ უახლოეს მომავალში დაიწყება, ამაში ეჭვი არავის შეაქვს. საკითხავი მხოლოდ ის არის - როდის? სწორედ ამასთან დაკავშირებულ მინიშნებას ელიან ბაზრის მოთამაშეები ღია ბაზრების ფედერალური კომიტეტის (FOMC) დღევანდელი სხდომის შემდეგ.
საინტერესოა, რომ FOMC-ის ამ შეხვედრის შემდგომ დღეებში, შეერთებული შტატების ეკონომიკის რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოქვეყნდება, რომელთა შორისაც ყველაზე მთავარი, ისევ შრომის ბაზრის მდგომარეობაა. როგორც ყოველთვის, შესაბამისი სტატისტიკა, მომავალი თვის პირველ პარასკევს გამოქვეყნდება.
ერთადერთი წინაღობა, რომელიც აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სააგენტოს მიერ აქტივების გაყიდვის დაწყებას ეღობება, ინფლაციის ზრდის ნელი ტემპია. მისი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, პირადი სამომხმარებლო ხარჯების ინდექსი, 1.4 პროცენტის დონეზეა, როცა ფედრეზერვის მიზნობრივი დონე 2 პროცენტია.