რა შეცდომებს უშვებენ ბინის მაძიებლები

თუ საცხოვრებელი ბინის ან სახლის შეძენა გაქვთ გადაწყვეტილი, ძალიან ბევრი ნიუანსის გათვალისწინება მოგიწევთ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენი დანაზოგი ტყუილად გაფლანგეთ და ფული საეჭვო ხარისხის ბინაში გადაყარეთ. რა შეცდომებს უშვებენ ადამიანები ბინის შეძენამდე? – „ბიზნესპრესნიუსის“ ამ შეკითხვას ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი უპასუხებს.

შენობის ხარისხი და სიმტკიცე

ადამიანი ბინას ან ახლად აშენებულ კორპუსში ყიდულობს, ან ძველ კორპუსში, რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინ ააგეს. ორივე შემთხვევაში ყურადღებით უნდა შეამოწმოთ შენობის ხარისხი - რამდენად მტკიცეა ის. ყურადღებიანმა მყიდველმა ბეტონის მარკიანობასაც უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ ის მალე არ დაიშალოს. სხვათა შორის, ბეტონის სიმტკიცეს ადვილად ადგენენ, შეიძლება რთული ექსპერტიზა ვერ ჩაატაროთ, მაგრამ ბეტონის ხარისხს ამ დარგის სპეციალისტი შეხედვითაც კი განსაზღვრავს. ეს მარტივი პროცედურაა, რომელიც საკუთარი თვალით მინახავს. რაც ყველაზე მთავარია, შენობა არ უნდა იყოს დაბზარული და ავარიული - ამ ყველაფერს ჩვეულებრივი ადამიანი ვერ განსაზღვრავს, ამიტომ, ჯობია სპეციალისტი წაიყვანოთ, რომ მან ყველაფერი საფუძვლიანად შეამოწმოს. reclama

თუ ბინას მშენებარე კორპუსში ყიდულობთ...

თუ შეღავათიანი ფასის გამო ბინის ყიდვა მშენებარე კორპუსში გადაწყვიტეთ, ჯერ უნდა გაარკვიოთ სამშენებლო კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, ხომ არა აქვს მას ვალდებულებები სახელმწიფოსთან, საკადასტრო, ან სანოტარო ორგანოებთან, ასევე - კერძო თუ იურიდიულ პირებთან. უპირატესობა უნდა მიანიჭოთ ცნობილ და ძლიერ კომპანიებს. კარგად უნდა გაარკვიოთ, აქვს თუ არა კომპანიას აშენებული სხვა ობიექტები, ან რამდენად კმაყოფილები არიან მისი კლიენტები. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ენდოთ სამშენებლო კომპანიას და ბინის აშენება დაუკვეთოთ. იქნება ეს კერძო სახლი, თუ კორპუსის ბინა.

უკეთესი იქნება, თუ ბინას დასრულებულ კორპუსში შეიძენთ

მე ყველას ვურჩევ, თავი შეიკავონ უძრავ ქონებაში თანხის გადახდისაგან, თუ საცხოვრებელი კორპუსი ჯერ კიდევ არ არის აშენებული. ხშირად კომპანიები კლიენტებს ბინის ღირებულების 60-70 პროცენტს ახდევინებენ, რაც სოლიდური თანხაა. შეიძლება რომელიმე სუსტმა კომპანიამ მშენებლობა წამოიწყოს, მაგრამ ბოლომდე ვერ მიიყვანოს. თუ კომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნება, შეიძლება ეს თანხა დაკარგოთ. ამის კარგი მაგალითია „ცენტრ პოინტი“ და სხვა კომპანიები, რომლებიც გაკოტრდნენ და ათასობით ადამიანი დააზარალეს. ამიტომ, მხოლოდ საძირკველში ფულს ნუ გადაიხდით, ჯობია მშენებლობა დასრულებული იყოს, რომ ეს ფული მთლიანად არ დაკარგოთ. reclama

როდესაც კორპუსი ძველია ...

პირველ რიგში უძრავი ქონება რეგისტრირებული უნდა იყოს და მესაკუთრეს სურდეს მისი გაყიდვა. ამიტომ, უნდა შეამოწმოთ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და დაადგინოთ, არის თუ არა რეგისტრირებული ბინა სწორედ იმ პიროვნების სახელზე, ვისთანაც მოლაპარაკებებს აწარმოებთ. უძრავი ქონება არ უნდა იყოს იპოთეკით დატვირთული, თუ ბინა იპოთეკითაა დატვირთული, ყველაფერი ზედმიწევნით კარგად უნდა გაარკვიოთ, თორემ შეიძლება ამ ვალის გადახდა თქვენ მოგიწიოთ. იპოთეკური სესხი ახალ მესაკუთრეს გადაჰყვება და ის მზად უნდა იყოს, რომ ბანკის ვალი დაფაროს. ამავე დროს, ყურადღებით უნდა შეამოწმოთ რამდენ კვადრატულ მეტრ ფართობს ყიდულობთ. კარგად აზომოთ ბინაც და ე.წ მიშენებაც, რომელიც ბევრ კორპუსს აქვს.

კერძო სახლს საკადასტრო-აზომვითი ნახაზიც უნდა ახლდეს

საკადასტრო-აზომვითი ნახაზის შესახებ თქვენთან ადრეც მისაუბრია: ეს ის თემაა, რომელსაც ბევრი მყიდველი ყურადღებას არ აქცევს და მოტყუებული რჩება. საკადასტრო-აზომვით ნახაზს დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით, კერძო სახლის შეძენისას. მოგეხსენებათ, რომ საჯარო რეესტრში ამომწურავი ინფორმაცია აქვთ ყველა ტიპის უძრავი ქონების შესახებ. კერძო სახლის, ან მიწის ნაკვეთის ყიდვის შემთხვევაში ამ ინფორმაციას თან უნდა ახლდეს საკადასტრო-აზომვითი ნახაზი, სადაც ჩანს, თუ სად მდებარეობს ეს ქონება. ამ ნახაზში უძრავი ქონების ადგილმდებარეობა ზუსტად არის განსაზღვრული. თუ საჯარო რეესტრში საკადასტრო ნახაზი არ არის, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ეს ქონება (ეზო, ან მიწის ნაკვეთი) უკვე სხვას აქვს დარეგისტრირებული. თუ კერძო სახლის შეძენას აპირებთ, ამის გათვალისწინება აუცილებელია.reclama

ხელშეკრულების გარეშე ნუ დაუტოვებთ ე.წ. „ბე“-ს

ე.წ. ბე-ს იმიტომ უტოვებენ, რომ ბინის მფლობელმა ეს ქონება არ გაყიდოს. თუ ადამიანი „ბე“-ს გადაიხდის და მესაკუთრე ქონებას არ გადასცემს, მაშინ ის ვალდებულია ორმაგად დაუბრუნოს ეს თანხა უკან, მაგრამ თუ მყიდველი თავისი მიზეზით აღარ შეიძენს ბინას, მაშინ „ბე“-ს მოთხოვნის უფლებას კარგავს. ამიტომ, ვიდრე ბინის მეპატრონეს ფულს დაუტოვებთ, სასურველია თქვენს შორის ორმხრივი ხელშეკრულება გაფორმდეს.

ბრმად ნუ ენდობით მაკლერს

ზოგჯერ უძრავი ქონების სააგენტოებიც აზარალებენ ბინის მყიდველებს. ასეთი შემთხვევების შესახებ ალბათ მკითხველსაც სმენია: როდესაც თანხა წინასწარ გამოურთმევიათ, გასაყიდი ბინა ძალიან კარგად დაუხასიათებიათ, სულ სხვა ქონება უჩვენებიათ, მერე კი - სულ სხვა გადაუფორმებიათ. შესაძლოა, თაღლითი მაკლერი გამყიდველთანაც იყოს შეკრული, ამიტომ ბრმად არავის ენდოთ. ყველაფერი თავად უნდა გადაამოწმოთ და ფრთხილად იყოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ მაკლერს კარგად არ იცნობთ.

ხათუნა ჩიგოგიძე