ქართულ მთისა თუ ზღვის კურორტზე ბიზნესის წამოწყება და თუნდაც პატარა ბარის გახსნა საკმაოდ დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული.
ამავდროულად, მსგავსი ზონა, სეზონურობის გამო წელიწადის მხოლოდ კონკრეტულ შუალედში მუშაობს დატვირთვით. ეს ყველაფერი კი ბიზნესის წარმატებას ზოგჯერ რისკის ქვეშ აყენებს. სწორედ ამიტომ, ორმა ახალგაზრდამ პრობლემიდან მარტივი გამოსავალი იპოვა და ინოვაციური ბიზნესიდეა - მოძრავი ბარი დააპროექტა.
Drunk bus- კომფორტული, მრავალფეროვანი, ფერადი სივრცეა, რომელსაც მისამართი არ აქვს. აქ ყველაფერია საუკეთესო განწყობის შესაქმნელად. კოქტეილები, ბურგერები, გემოვნებიანი მუსიკა, ჰამაკი, პუფები და ხის შეზლონგებიც. ავტობუსი, რომლის ტრანსფორმაციაზეც გუნდი 58 დღის განმავლობაში მუშაობდა, მოთხოვნის და სურვილის შესაბამისად მიდის იქ, სადაც საჭიროებაა. Drunk bus-ის პერსონალი ადგილზე აწყობს ღონისძიებას, რომელიც საშუალოდ 2-3 დღე გრძელდება.
ზურაბ ჩიკვაიძე Drunk bus-ის იდეის ავტორია. სანამ ახალ კონცეფციაზე დაიწყებდა მუშაობას, მეგობართან ერთად თბილისში ბარი გახსნა, რომელსაც Drunk owl დაარქვა. პროფესიით გრაფიკული დიზაინერია. მანამდე ბიზნესთან შეხება არასდროს ქონია, თუმცა უკვე თამამად ამბობს, რომ ახალმა წამოწყებამ გაამართლა და როცა დღის წესრიგში გაფართოების საკითხი დადგა, გადაწყვიტა, რისკების შესამცირებლად ხალხის მოზიდვაზე არ ეფიქრა და თავად მისულიყო ყველგან, სადაც ხალხმრავლობა, ფესტივალი ან რაიმე ღონისძიებაა.
„ძალიან გაამართლა იდეამ. უკვე ყველა მნიშვნელოვანი ღონიძიებიდან გვიკავშირდებიან და მისვლას გვთხოვენ. ზამთარში ძირითადად მთის კურორტებზე ვართ. ზაფხულში, „ოუფენ ეარის“ დასრულების შემდეგ, ზღვის სანაპიროზე გადავინაცვლებთ ხოლმე. ვყოფილვართ ბათუმში, ანაკლიაში, ქობულეთში, კვარიათში. ახლო მომავალში გვინდა კიდევ ერთი ავტობუსის დამატება და საერთო ჯამში, ჩვენი მიზანია, რომ მთელი საქართველო შემოვიაროთ,“-ამბობს ზურაბ ჩიკვაიძე.
ზღვის სანაპიროზე, იქ სადაც Drunk bus-ის ფერადი ავტობუსი გაჩერების ადგილს ირჩევს, კარვების ქალაქიც ეწყობა, სადაც სტუმრებს დარჩენის და ღამის გატარების შესაძლებლობა აქვთ. მასპინძლებთან ერთად, მათი განწყობის შექმნაზე ცოცხალი მუსიკა, ბენდი ან დიჯეი ზრუნავს. ავტობუსი ყველა შესაბამისი ტექნიკური დანადგარითაა უზრუნველყოფილი. რაც შეეხება ბარს, დახურულ სივრცეში მხოლოდ კოქტეილები და სხვა სასმელები მზადდება. გრილის აპარატები და საჭმლისთვის განკუთვნილი სხვა მოწყობილობები გარეთა ლოკაციაზეა განთავსებული. აქვეა სამი კომფორტული ზონაც, სადაც მომხმარებლებს დასვენება შეუძლიათ.
ცოტა ხნის წინ Drunk bus „თიბისი ბანკისა“ და „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტის ბიზნესდაჯილდოების მონაწილეთა სიაში დარეგისტრირდა. იდეის ავტორებს ინოვაციურ კომპონენტში გამარჯვების სჯერათ და საკუთარ შესაძლებლობებშიც დარწმუნებულები არიან.
როგორც ზურაბ ჩიკვაიძე ამბობს, თავად სხვების წარმატებული ისტორიების მოსმენა და ნახვა დიდ სტიმულს აძლევს. შესაბამისად, ფიქრობს, რომ კარგი იქნება თუ მათ შესახებაც ბევრი გაიგებს.
„წარმატების გაზიარება ახალგაზრდა და დამწყები ბიზნესმენებისთვისაა პირველ რიგში, საინტერესო. ბიზნესდაჯილდოების მონაწილეთა შესახებ საზოგადოება ბევრ ინფორმაციას იღებს და შეუძლებელია, ამ ყველაფერმა ქვეყანაში ბიზნესის კეთების სტიმულის ამაღლებაზე არ იმოქმედოს,“- ამბობს ჩიკვაიძე.
ქრისტინე გამთენაძე