McDonald's-ი თბილისში კიდევ ერთი რესტორნის გახსნას გეგმავს

მსოფლიო ბრენდ McDonald's-ის ფრანჩიზას მფლობელი კომპანია "თ და კ რესტორანი" სწრაფი კვების რესტორნების ქსელის გაფართოებას გეგმავს.

კომპანია ამ ეტაპზე, რესტორნისთვის შესაბამის ფართს თბილისში ეძებს. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი თენგიზ კაპანაძე ამბობს, ინვესტიციის მოცულობა 5-7 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრება და ახალი ობიექტის გახსნა 2014 წელს იგეგმება.

მენეჯმენტი კმაყოფილია 2014 წლის პირველი კვარტლის შედეგებით. კომპანიაში აცხადებენ, რომ კომპანიის გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით არის გაზრდილი.

სამხრეთ კავკასიაში "მაკდონალდსის" პირველი რესტორანი საქართველოში 1999 წელს გაიხსნა. ამ დროისთვის "მაკდონალდსი საქართველოს" 6 ფილიალი გააჩნია, აქედან ოთხი თბილისში (მარჯანიშვილის, რუსთაველისა და წერეთლის მეტროებთან, სასტუმრო "აჭარასთან"), დანარჩენი კი ქუთაისსა და ბათუმში.

სამეწარმეო რეესტრის 2013 წლის მონაცემების მიხედვით, კომპანიის 90%-იანი წილის მფლობელი ცნობილი ბიზნესმენი თემურ ჭყონიაა, თენგიზ კაპანაძე კი კომპანიაში 10%-ს ფლობს.