2019 წლიდან რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან სახვანჭკარე ჯიშების გადამუშვების მიზნით სხვა რეგიონში გატანა შეიზღუდება

2019 წლიდან რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან სახვანჭკარე ჯიშების (მუჯურეთული, ალექსანდროული) სხვა რეგიონში გადამუშვების მიზნით გატანა შეიზღუდება , - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, "ხვანჭკარის" შემთხვევაში, ცვლილებები შევა ღვინის რეგისტრაციაში, რომლის მიხედვითაც, 2019 წლიდან "ხვანჭკარის" ღვინო-მასალის წარმოება, უშუალოდ გადამუშავება-დადუღების პროცესი უნდა მოხდეს თვითონ ამ ადგილწარმოშობის დასახელების ტერიტორიაზე.

„ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი სიახლეა რეგიონის მოსახლეობისთვის, ამ ღვინის მწარმოებლებისთვის, რადგან ხშირად იყო სურვილი, მოთხოვნა, რომ ადგილზე მომხდარიყო დამატებითი ღირებულების შექმნა. ამავე დროს, ჩვენ გვესმის, რომ უნდა იყოს უმტკივნეულო გადასვლა ამ ახალ წარმოების წესებზე და შესაბამისად, ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ვაძლევთ ვადას, რომ 2019 წლიდან მათ უკვე თადარიგი დაიჭირონ და საწარმოო სიმძლავრეები, თუ დამატებითი ინვესტიციები, რაც საჭიროა ამ ღვინის საწარმოებლად, სწორედ ამ რეგიონში განახორციელონ“, - განაცხადა დავითაშვილმა.