ბიტკოინ ქეში - ბიტკოინის განაყოფი

ბიტკოინის ეგრეთ წოდებული სამოქალაქო ომი დასასრულს მიუახლოვდა და კრიზისი გადალახულია.

თუმცა, რამდენიმეწლიანი მცდელობის მიუხედავად, ამ ციფრული ვალუტის შემქმნელებმა ვერ შეძლეს ბლოკჩეინის ორ განსხვავებულ ვალუტად გაყოფის თავიდან აცილება.

1 აგვისტოს ოფიციალურად გაფორმდება გაყოფა. ბიტკოინი ჩვეულებრივად გააგრძელებს არსებობას. მეორე ვალუტის სახელი კი ბიტკოინ ქეში იქნება. განხეთქილების მთავარი საფუძველი გახდა ეგრეთ წოდებული BIP 91 (ბიტკოინის გაუმჯობესების შეთავაზება 91), რომელსაც ბიტკოინის მომპოვებელთა 97 პროცენტი უჭერს მხარს.

საქმე ისაა, რომ თავის დროზე, როცა ბიტკოინი იქმნებოდა, მის მონცემთა ბაზას (ბლოკჩეინს) 1-მეგაბაიტიანი ლიმიტი ჰქონდა. თავიდანვე მიჩნეული იყო, რომ ეს გარემოება, ადრე თუ გვიან, ბიტკოინის გაყოფას გამოიწვევდა. ციფრული ვალუტის განვითარების და პოპულარობის ზრდის კვალობაზე, ასეთი მოცულობა ვეღარ უზრუნველყოფს ტრანზაქციების სასურველ სისწრაფეს. რეფორმა სწორედ ამის გამოსასწორებლად ტარდება.

ახალი ვალუტის, ბიტკოინ ქეშის შემთხვევაში, ბლოკების მოცულობა 8 მეგაბაიტამდე იზრდება. ამის წყალობით, მკვეთრად გაიზრდება ტრანზაქციების სისწრაფე და ვალუტის ნაღდ ფულად გამოყენებას გახდის შესაძლებელს. ცნობილია, რომ ბიტკოინის ახლანდელი მფლობელები, ავტომატურად ბიტკოინ ქეშის მფლობელებიც გახდებიან. თუმცა კონკრეტულად რა სახით მოხდება გაყოფა, ეს ჯერჯერობით უცნობია. მოგვიანებით, ყველა ინვესტორი და მომპოვებელი თავად გადაწყვეტს, რომელ ვალუტას მიანიჭებს უპირატესობას. დაახლოებით მსგავსი პროცესი უკვე გამოვლილი აქვს ეთერიუმს, რომელიც ორ ვალუტად - ეთერიუმად და ეთერიუმ კლასიკად არის გაყოფილი.

ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ ბიტკოინ ქეში, 0.177 ბიტკოინი, ანუ დაახლოებით 460 დოლარი ეღირება. ინვესტორები თავიანთ პარტნიორ გამცვლელ პლატფორმებთან მოლაპარაკებით გადაწყვეტენ, მიიღებენ თუ არა ბიტკოინ ქეშს. ამასთან, ისიც ცნობილია, რომ ბევრი მსხვილი პლატფორმა მზად არ არის ბიტკოინ ქეშისთვის.