ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა მიმდინარე წლის ოქტომბერში შევა ექსპლუატაციაში.
ინფორმაციას ამის შესახებ ყაზახეთის სარკინიგზო კომპანია ავრცელებს.
როგორც სააგენტო „ტრენდის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „ყაზახეთის რკინიგზის“ ხელმძღვანელს კანატ ალპისბაევს ამის შესახებ აზერბაიჯანსა და საქართველოში სამუშაო ვიზიტით სტუმრობისას განუცხადეს.
"ყაზახელი რკინიგზელები და ჩვენი ჩინელი კოლეგები ელიან ახალი სარკინიგზო ხაზის გახსნას, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, გაფართოვდეს სატვირთო გადაზიდვების გეოგრაფია თურქეთთან დერეფნის დაკავშირებით", - აღნიშნა ალპისბაევმა.
მისივე თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალის მეშვეობით ყაზახეთიდან ტრანზიტის გზით 2020 წლისთვის ყოველწლიურად ტვირთების 2 მილიონ კონტეინერამდე გაზრდა იქნება შესაძლებელი.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის განხორციელება ორ ეტაპად არის დაგეგმილი. პირველ ეტაპზე რკინიგზის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 5 მილიონ ტონა ტვირთს შეადგენს, ხოლო შემდეგ მოცულობის 15 მილიონ ტონამდე გაზრდაა გათვალისწინებული.
თითოეული მატარებელი 350 მგზავრს მოემსახურება. პროექტის მიხედვით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის სიგრძე 825 კილომეტრია, აქედან 180 კილომეტრს ქართული მონაკვეთი შეადგენს.
პროექტის თანახმად, სარკინიგზო მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთი მთლიანობაში - 22 ხიდს, 13 სადგურს, 24 გზაგამტარს, 8 წევის ქვესადგურს, 4 თოვლდამცავ გალერეას და საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელ სასაზღვრო სარკინიგზო გვირაბს მოიცავს.
პროექტის ჯამური ღირებულება, რომელსაც საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა 2007 წელს მოაწერეს ხელი, 775 000 000 აშშ დოლარს შეადგენს.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS.GE