ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია „ელსელემა“ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე ზვიად ქვლივიძემ, GIZ-ის წარმომადგენელმა და მისმა გერმანელმა კონსულტანტმა მოინახულეს , - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროდან იუწყებიან.
მათი ინფორმაციით, ვიზიტის მიზანს საფეიქრო ინდუსტრიისა და კომპანიის საექსპორტო პოტენციალის გაცნობა და მისი გაზრდის ხელშეწყობა წარმოადგენდა.
როგორც ზვიად ქვლივიძემ განაცხადა, აღნიშნული კომპანია აქტიურად პარტნიორობს სახელმწიფო უწყებებთან. მისივე თქმით, „აწარმოე საქართველოს“ ორგანიზებით იანვარში გერმანიაში დაგეგმილია საერთშორისო მიზნობრივი გამოფენა, რომელშიც მონაწილეობას სხვა კომპანიებთან ერთად „ელსელემაც“ მიიღებს.
„მოგეხსენებათ, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს, კერძოდ: ბიზნესის, ექსპორტის და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა. „ელსელემა“ ჩვენი აქტიური პარტნიორი და ბენეფიციარია, ჩვენ მას მხარს ვუჭერთ და ხელს ვუწყობთ ექსპორტის გაზრდასა და სტაბილურობაში, რაც არამარტო კომპანიისთვის, არამედ ზოგადად საფეიქრო ინდუსტრიისთვის ახალ ევროსტანდარტებზე გადასვლის ძალიან კარგი შესაძლებლობაა“, - განაცხადა ზვიად ქვლივიძემ.
როგორც კომპანია „ელსელემას“ დირექტორმა ლევან მამასახლისმა აღნიშნა, „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში კომპანიამ წელს იაფი კრედიტი აიღო, რის შედეგადაც მოხდა ახალი თანამედროვე დანადგარების შეძენა.
„პარალელურად, გერმანელ ექსპერტებთან ერთად თბილისისა და ლანჩხუთის ფაბრიკების რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა მიმდინარეობს, რათა საწარმოები ევროპის ბაზრის სტანდარტებს შეესაბამებოდეს. თბილისში სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ 260 ადამიანის დასაქმება იგეგმება, ხოლო ლანჩხუთში დაახლოებით 150 ადამიანი დასაქმდება. ექსპორტის თვალსაზრისით ვგეგმავთ, რომ წარმოების ექსპორტმა ჩვენი კომპანიის 50% შეადგინოს. რაც შეეხება გამოცდილებას, ვმუშაობდით ისეთ ბრენდებთან, როგორიც არის „მონკლერი“, „თვინ“ და ამასთანავე „კოტონთან“. ამჟამად კი შვეიცარიისთვის დამცავ ჟილეტებს ვამზადებთ“, - განაცხადა ლევან მამასახლისმა.
კომპანია საწარმოო სიმძლავრეების გაზრდის მიზნით ასევე „აწარმოე საქართველოში“ - ბიზნესის მიმართულებით, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტით სარგებლობას გეგმავს.