აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ს კონგრესის მიერ მიღებულ კანონპროექტს გაეცნო, რომელიც რუსეთის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.
როგორც თეთრი სახლის პრესსამსახური იუწყება, აშშ-ის პრეზიდენტი კანონპროექტს ხელს მოაწერს.
„პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კანონპროექტის საბოლოო ვერსიას გაეცნო. იმის გათვალისწინებით თუ რა არის ასახული კანონპროექტში, ის მხარს უჭერს მას და ხელმოწერას აპირებს“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
გუშინ, აშშ-ის სენატმა რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე კანონი მიიღო. კანონს 98-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, ორი კი წინააღმდეგ წავიდა.
რაც შეეხება დოკუმენტს, მასში აღნიშნულია, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოსთან დაკავშირებით 2008 წელს გაფორმებული შეთანხმებული პირობების დარღვევას, რომელიც მოითხოვს რუსეთის ჯარების გაყვანას, „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის რეგიონებში ჰუმანიტარული ჯგუფების თავისუფალ წვდომას და კონფლიქტის ზონაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგს.
კონგრესი რუსეთის ფედერაციას პასუხისმგებლობას აკისრებს აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ძალადობაზე. კონგრესი მოუწოდებს პრეზიდენტს, მოსთხოვოს რუსეთის ხელისუფლებას: გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, უკრაინიდან და მოლდოვადან; დაუბრუნოს კონტროლი ამ ტერიტორიების საზღვრებზე ამ ქვეყნების შესაბამის ხელისუფლებებს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლება იყენებდა და განაგრძობს საქართველოს და უკრაინის მიმართ ძალების გამოყენებას, სადაზვერვო ოპერაციებს, რაც აშკარა საფრთხეს წარმოადგენს ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის. კონგრესის აზრით, აშშ-მა უნდა განაგრძოს მუშაობა ევროკავშირთან, როგორც პარტნიორმა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების აგრესიის წინააღმდეგ, მოახდინოს დახმარების პროგრამების კოორდინირება და სხვა ძალისხმევა მიმართოს რუსეთთან დაკავშირებით.
ამავე კანონპროექტში აღნიშნულია, რომ აშშ განაგრძობს ტერიტორიული ცვლილებების არაღიარების პოლიტიკას, რომლებიც ჩადენილია ძალის გამოყენებით, მათ შორის უკანონო შეჭრის შედეგად აფხაზეთში, „სამხრეთ ოსეთში“, ყირიმში, აღმოსავლეთ უკრაინასა და დნესტრისპირეთში.