ჯონოულის ხეობის შეწამლვა აგვისტოში განხორციელდება

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯონოულის ხეობის შეწამლვა აგვისტოში განხორციელდება. სამინისტრო ეხმაურება რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონის ცაგერის სატყეო უბნის ჯონოულის სატყეოში ბზების ხმობას.

”მიმდინარე წლის ივნისის თვეში რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონის ცაგერის სატყეო უბნის ჯონოულის სატყეოში სოფელ ქულბაქისა და ჩქუმის მიმდებარედ არსებული ბზის კორომები შესწავლილი იქნა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტების მიერ, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ ბზების ხმობა გამოწვეულია ინვაზიური მავნებლის, ბზის ალურას - Cydalima perspectalis მიერ. შესაბამისად, განხორციელდა 100 ცალი ფერომონიანი ხაფანგების განთავსება.

ფერომონიანი ხაფანგების საშუალებით, გარდა მავნებლის ზრდასრული ფორმების (პეპელა) დაჭერისა და განადგურებისა, გროვდება მნიშვნელოვანი ინფორმაცია მავნებლის ამჟამინდელ სტადიასა და ბიოლოგიაზე ლოკალურად-კონკრეტულად ჯონოულის ხეობისთვის.

ხაფანგებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო განახორციელებს ხეობის დამუშავებას ბიოლოგიური პრეპარატით, რომელიც დამზადებულია - Bacillus thuringiensis-ის ბაზაზე და არაა საზიანო არც ფუტკრებისთვის, არც საქონლისთვის და არც ადამიანისთვის. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღნიშნული პრეპარატი ზემოქმედებს მხოლოდ მავნებლის ადრეული ხნოვანების (1-3) მატლებზე, ჯონოულის ხეობის შეწამლვა განხორციელდება ამ ვადების დაცვით - უახლოეს მომავალში (აგვისტო).

ეროვნული სატყეო სააგენტო 2 წელია აქტიურად ახორციელებს ბზის ალურას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს ქვეყნის მასშტაბით 400 ჰა-ზე მეტ ტერიტორიაზე და აღნიშნული ფართობიც ჩაერთვება სპეციალისტების მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ არსებული ფართობების ნუსხაში”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.