თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური გლდანის რაიონში, გულისაშვილის, მაისურაძის, ტიხონოვისა და მარჯანიშვილის ქუჩებზე ახალი საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
როგორც თბილისის მერიიდან იუწყებიან, პროექტი ითვალისწინებს სატუმბო სადგურის მშენებლობას, 5-კილომეტრიანი ქსელის მოწყობას, რომლითაც 300 ოჯახი ისარგებლებს.
თბილისის მერის მოადგილემ გიგა ნიკოლეიშვილმა, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა და გლდანის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ გლდანის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.
სამუშაოებს, რომელზეც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 832 362,30 ლარია გამოყოფილი, თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ნიუ ქონსთრაქშენს თექნოლოჯის“ აწარმოებს. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და სექტემბერში დასრულდება.