საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, მხილებულ იქნა სამი წევრისგან შემდგარი ჯგუფი.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დადგენილია, რომ აღნიშნული პირები, გაყალბებული, ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ ქალაქ თბილისში, დიდ დიღომში მდებარე 3 263 კვ.მ. მიწის ნაკვეთს. ბრალდებულებმა, ნაკვეთი თავის სახელზე დაარეგისტრირეს და მისი ერთი ნაწილის - 1 263 კვ.მ - ის რეალიზაცია მოახდინეს. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დამნაშავე პირები იმ მომენტში ამხილეს, როდესაც ისინი მოტყუებით დაუფლებული მიწის ნაკვეთის მეორე ნაწილის - 2 000 კვ.მ-ის რეალიზაციას ახდენდნენ.
გამოძიების ამ ეტაპზე დაკავებულია ორი პირი, ხოლო ერთი - მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში დაუსწრებლად.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.