ივნისში ვადაგადაცილებული სესხები 16.9 მლნ ლარით შემცირდა და 440.0 მლნ ლარს გაუტოლდა, - ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ივნისის „თვის მიმოხილვაში“.
„თვის მიმოხილვის“ თანახმად, 2017 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 242.3 მლნ ლარით გაიზარდა და 18.88 მლრდ ლარს გაუტოლდა. კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 17.9 პროცენტი შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური ზრდა 15.2 პროცენტი იყო. საკრედიტო პორტფელის ზრდაზე მეტწილად გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების ზრდამ.
როგორც მიმოხილვაშია ნათქვამი, ივნისის ბოლოსთვის, საკრედიტო პორტფელის 81.2 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 62.9 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 37.6 პროცენტს შეადგენდა. საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 285.8 მლნ ლარით (3.8 პროცენტით) გაიზარდა და 7.91 მლრდ ლარს გაუტოლდა.
უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა ივნისში 14.0 მლნ აშშ დოლარით (0.3 პროცენტით) გაიზარდა და პერიოდის ბოლოს 4.70 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 57.0 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 85.2 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს. 57.8 პროცენტს შეადგენს სესხები უცხოური ვალუტით. უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდა, ძირითადად ფიზიკური პირების მოკლევადიანი დაკრედიტების მატებით არის გამოწვეული.
როგორც „თვის მიმოხილვაშია“ ნათქვამი, ივნისის თვეში, ვადაგადაცილებული სესხები 16.9 მლნ ლარით შემცირდა და 440.0 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.3 პროცენტი იყო.
ვადაგადაცილებული სესხების 42.0 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 1.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 58.1 პროცენტს გაუტოლდა.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS.GE-ზე