,,ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერი“ „ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან“ 21.5 მლნ ევროს ოდენობის გრძელვადიან დაფინანსებას მიიღებს.
როგორც კომპანიიდან იუწყებიან, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ და „ევროპის საინვესტიციო ბანკმა“ დაფინანსების ხელშეკრულების გაფორმების შესახებ დღეს განაცხადეს. თბილისის წყალმომარაგების კომპანია ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 21.5 მილიონი ევროს მოცულობის გრძელვადიან სესხს კაპიტალური საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად მიიღებს.
კომპანიის ინფორმაციით, ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია და ევროპული პოლიტიკის დამკვიდრებას მხარს მსოფლიოს 140 ქვეყანაში უჭერს.
„საქართველოსთან მიმართებაში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ პირველი არასაფინანსო, კერძო ორგანიზაციაა, რომელსაც ბანკი პირდაპირი ფინანსური რესურსით უზრუნველყოფს. „ევროპის საინვესტიციო ბანკისგან“ მიღებული თანხა, გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის მოდერნიზაციასა და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლება-განვითარებას მოხმარდება. გარდაბნის გამწმენდ ნაგებობაში უპრეცენდენტო ინვესტიცია განხორციელდება, რაც კომპანიას, რომელიც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა, გარემოს დაცვის კუთხით, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული მთავარი მიზნების მიღწევაში დაეხმარება, შემცირდება გარემოზე ზემოქმედება და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მდინარეების ეკოლოგიური მდგომარეობა“, - აცხადებენ კომპანიაში.
მათი ინფორმაციით, დაფინანსების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ .
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მთავარი იურისტის, ჯაბა მამულაშვილის თქმით, „ევროპის საინვესტიციო ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მიმართ განსაკუთრებული ნდობის გამომხატველია.
„დაფინანსება უზრუნველყოფს კომპანიის მიერ ისეთი ტიპის საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ქვეყნის გრძელვადიანი მიზნების მიღწევას, მეორე მხრივ - რიგითი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას“, - განაცხადა ჯაბა მამულაშვილმა.
„ევროპის საინვესტიციო ბანკის“ ვიცე პრეზიდენტის ვაზილ ჰუდაკის თქმით კი, გაფორმებული ხელშეკრულება უნიკალურია, რადგან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპის საინვესტიციო ბანკი პირდაპირი ფინანსური რესურსით უზრუნველყოფს კერძო კომპანიას საქართველოში. „ეს პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყლის სექტორში მომსახურების ხარისხს, რაც პოზიტიურად აისახება საქართველოს დედაქალაქის მაცხოვრებლების ყოველდღიურ ცხოვრებაზე“, - განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS.GE-ზე