ბრიტანული გამომცემლობა „გარდიანი“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებპლატფორმას - „ბიუჯეტის მონიტორს“ (www.budgetmonitor.ge) მსოფლიოში ღია მმართველობისა და ხელისუფლების განხორციელებაში მოქალაქეების მონაწილეობის გამორჩეულ ინიციატივებს შორის ასახელებს.
„საქართველოში მოქალაქეებს აქტიურად მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წლიური აუდიტის დაგეგმვაში, ახალი „ბიუჯეტის მონიტორის“ პლატფორმის გამოყენებით, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შექმნა, ხმა მისცენ იმ სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებს, რაც მათ ყველაზე მეტად აწუხებთ, მათ შორის საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურულ და ჯანდაცვის მიმართულებით“, - ნათქვამია სტატიაში.
აუდიტის სამსახურში მოქალაქეებს მოუწოდებენ, პლატფორმის გამოყენებით მიაწოდონ მოსაზრებები საბიუჯეტო რესურსების მართვაში არსებული ხარვეზების შესახებ, მონაწილეობა მიიღონ აუდიტის წლიური გეგმის შედგენაში და აუდიტის სამსახურს გაუზიარონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია კორუფციული რისკების შესახებ, რათა ერთიანი ძალებით მოხდეს მსგავსი საკითხების აღმოფხვრა.
გარდა მოქალაქეთა ჩართულობის შესაძლებლობებისა, ვებპლატფორმა - „ბიუჯეტის მონიტორი“ დაინტერესებულ პირებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, აირჩიონ მათთვის საინტერესო სფერო და მყისიერად მიიღონ მუდმივად განახლებადი და სანდო ინფორმაცია სახელმწიფო შემოსავლების, ხარჯების, ვალის, ინფრასტრუქტურული პროექტების, პროგრამული ბიუჯეტის, შესყიდვების და აღნიშნულ საკითხებზე აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზებისა და რეკომენდაციების შესახებ.
ბიუჯეტის მონიტორის ჯიხურები განთავსებულია საქართველოს პარლამენტსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, ხოლო პლატფორმა საჯაროდ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.budgetmonitor.ge