ჭიათურის საბაგიროების რეაბილიტაციის გამო ერთ-ერთი ოჯახის უძრავი ქონება ექსპროპრიაციას (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე) დაექვემდებარება.
პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჭიათურის საბაგირო გზის 4 მონაკვეთს უნდა ჩაუტარდეს, რომელთა ჯამური სიგრძე 2.5 კილომეტრია. ამჟამად, მიმდინარეობს საბაგირო გზა – ,,მუხაძის“ განსახლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
როგორც ეკონომიკის მინისტრის, გიორგი გახარიას ბრძანებაში ვკითხულობთ, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, შეთანხმება ვერ შედგა პროექტის ზემოქმედების არეალში არსებულ უძრავი ქონების თანამესაკუთრეებთან, დემურ გველესიანთან და ციური ქოქოშვილთან. შეუთანხმებლობის მიზეზია, საექსპროპრიაციო უძრავ ქონებაზე საბაგიროს სადგურის მშენებლობა, რადგან, მესაკუთრეთა მოსაზრებით, აღნიშნული გამოიწვევს მათი საცხოვრებელი პირობების გაუარესებას და მიუთითებენ ხაზობრივი ნაგებობის ექსპლუატაციით გამოწვეულ ხმაურზე.
ბრძანების მიხედვით, პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე „მუნიციპალური განვითარების ფონდს“, აღნიშნული ქონების ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა.
ცნობისთვის, 2014 წლის 4 ნოემბერს საქართველოს მთავრობას და ფრანგულ კომპანია „Pomagalski“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ჭიათურაში ოთხი რევერსიული გონდოლებიანი საბაგირო გზის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.
დასახელებული პროექტის განსახორციელებლად განსახლების სამოქმედო გეგმა შპს ,,ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიამ“ მოამზადა და მასვე დაევალა განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად ქონების გამოსყიდვა. 2016 წლის 10 აგვისტოდან კი მთავრობის განკარგულებით, ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში ქონების გამოსყიდვა სსიპ ,,მუნიციპალური განვითარების ფონდს“ დაევალა.
რეაბილიტირებული საბაგირო გზები ქალაქის ცენტრს გარეუბნებთან დააკავშირებს. ბაგირგზები თანამედროვე სტანდარტების ტექნიკით აღიჭურვება, რომელიც ქსელის უსაფრთხოდ მუშაობას უზრუნველყოფს.
ასევე იხილეთ როგორი იქნება ჭიათურის ახალი საბაგიროები