„მიწის რეგისტრაციის რეფორმა არაეფექტურია“ - ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საადვოკატო ბიურო OK & CG-ის ადვოკატმა , ქეთევან ქავთარაძემ განაცხადა.
მისივე ცნობით, მოქალაქეებისთვის რეგისტრაციის პროცესი გამარტივების ნაცვლად, გართულდა.
„სანამ რეფორმა ამოქმედდებოდა, განმცხადებელს თავად უწევდა არაერთი დოკუმენტის: მიწაზე უფლების დამდგენი დოკუმენტაციის მოძიება/შესაბამისი უწყებებიდან გამოთხოვა და საჯარო რეესტრში წარდგენა, ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ კი საჯარო რეესტრს დაევალა განმცხადებლის მიწის საკუთრების უფლების დამდგენი ყველანაირი დოკუმენტების მოძიება. საჯარო რეესტრი არასრულყოფილ ინფორმაციას ითხოვს სხვადასხვა უწყებიდან, ამ უკმარისობის გამო კი პროცედურის გახანგრძლივება ხდება, რაც მიწის მესაკუთრეს მეტად აფერხებს. დღემდე, 1 წლის წინ შეტანილ განცხადებაზე არაერთი ადამიანი ელის პასუხს“, -განაცხადა ქავთარაძემ.
ადვოკატი ყურადღებას სარეგისტრაციო განცხადებების განხილვის ვადების გახანგრძლივებაზეც ამახვილებს და აღნიშნავს, რომ უმეტეს შემთხვევაში, მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე პასუხი უარყოფითია.
ქავთარაძის განმარტებით, აუცილებელია „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების შესახებ“კანონში შევიდეს ცვლილებები, რომლის თანახმადაც, აღიარების კომისია ვალდებული იქნება, განცხადება გამარტივებული წესითა და პროცედურებით განიხილოს. აღნიშნული პროცედურები კი მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი კანონმდებლობაში.