საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,წითელი ხიდი” და „ყაზბეგი“, ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 20 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 352.26 გრამი) საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“ აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 19,633.62 ლარი შეადგინა. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 198.02 გრამი) გამოვლინდა 22 - 26 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ყაზბეგი“ და ,,წითელი ხიდი“. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 11,727.72 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეებს, სანქციის სახით, შეეფარდათ ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 11,727.72 ლარის ოდენობით.