სახელმწიფო კანცელარიაში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირების შესახებ ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.
როგორც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის პრესსამსახურიდან იუწყებიან ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება. პრემიერი ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორის, მსხვილი ამერიკული კომპანიის SSA Marine-ის ვიცე-პრეზიდენტთან და “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებთან შეხვედრასაც გამართავს და აშშ-სა და საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებს და ანაკლიის პორტის გეგმებს განიხილავს.
შეხვედრა კანცელარიაში 12:30 -ზე, ხოლო ხელმოწერის ცერემონია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა“ და SSA Marine-ს შორის 13:15-ზე დაიწყება.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის პრესსამსახურის ცნობით SSA Marine ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ 2017 წლის ივნისში დაასახელა. „კონტი ჯგუფის“ შემდეგ SSA Marine მეორე მსხვილი ამერიკული კომპანიაა, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობასა და განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს. მათივე ცნობით, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორი SSA Marine ხუთ კონტინენტზე, 250-ზე მეტ სტრატეგიულ ტერმინალზე ოპერირებს და წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU) ემსახურება.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო. იგი ანაკლიის მიმდებარედ, 340 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე აშენდება. პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ანაკლიის პორტი აშენდება რამდენიმე ეტაპად, მოიცავს 9 ფაზას და, საბოლოო ჯამში, მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 100 მილიონ ტონას მიაღწევს. პროექტი საქართველოში ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.
მათივე ცნობით ანაკლიის პორტის მიმდებარედ იგეგმება ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებაც. ქალაქი ანაკლია მოიაზრება როგორც მწვანე ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული „მომავლის ქალაქი“. პორტის პირველი ფაზის გახსნა და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოს/2021 წლის დასაწყისში იგეგმება.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ აერთიანებს, ერთი მხრივ, საქართველოში დაფუძნებულ „თიბისი ჰოლდინგს“ (TBC Holding LLC ), და მეორე მხრივ, „კონტი ინტერნეშენალს“ (Conti International LLC), რომელიც წარმოადგენს ამერიკულ საინვესტიციო ჰოლდინგს და ახორციელებს ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო პროექტებს.