კახეთში „ატმის რთველი“ მიმდინარეობს. წელს ამ მხარეში ატმის ჭარბი მოსავალი მოვიდა. როგორც ფერმერები და ექსპორტიორები აცხადებენ, ხილის ჩაბარება და დახარისხება მშვიდად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. ერთადერთი პრობლემა დაბალი ფასია, რაც ფერმერებს ხილის დაკრეფის სურვილს უკარგავს. სოფელ ველისციხის მკვიდრმა, გია ნინიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ წელს ატამი შარშანდელთან შედარებით გაიაფებულია:
- წელს კახეთის სოფლებში დიდი რაოდენობით ატამი და ვაშლატამა მოვიდა. თავიდან ორივე ძალიან კარგ ფასად იყიდებოდა, მერე კი, რაოდენობამ იმატა და ფასი დაეცა. ამჟამად 1 კილოგრამი ატმის საბითუმო ფასი 40-50 თეთრია, ხოლო ვაშლატამა 20-30 თეთრი ღირს. მოდიან ექსპორტიორები და ხილი ტრაილერებით მიაქვთ. შედარებით დაბალი ხარისხის ატამი ძალიან იაფი ღირს, რის გამოც, ზოგიერთმა გლეხმა საერთოდ გადაყარა. ატმის მოსავლის ნაწილი მცირე ზომისა იყო, თანაც, დასეტყვილი და არავინ ჩაიბარებდა... სწორედ ამიტომ სჭირდება კახეთს საწარმოები, სადაც ხილს გადაამუშავებენ.
გადამამუშავებელი ქარხნები რომ იყოს, ამოდენა ხილს არ ვიზარალებდით. ავიღოთ თუნდაც ტყემალი, რომელსაც ძალიან კარგად ასხია. უამრავი ტყემალი ჩამოდის ძირს და ეს მაშინ, როცა ტყემლის არაყი მრავალ ქვეყანაში ყველაზე ძვირი ყოფილა. გადამამუშავებელი ქარხნები რომ გვქონდეს, ამდენი ხილი უაზროდ არ დაიკარგებოდა. ასეთ საქმეში სახელმწიფო თუ არ ჩაერია, გლეხები ვერაფერს გახდებიან.
შპს „გაგრას“ წარმომადგენელი მანანა გელაძე აცხადებს, რომ ექსპორტიორებს წელს ნორმალურ პირობებში უწევთ მუშაობა:
- კახეთში მუშაობს სპეციალური ჯგუფი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუშაკებით არის დაკომპლექტებული. ეს ჯგუფი ფიტოსანიტარიული და საბაჟო დოკუმენტების მომზადებას უზრუნველყოფს. სამინისტროს წარმომადგენლები ძალიან გვეხმარებიან და ხელს გვიწყობენ.
ექსპორტიორის თქმით, წელს ძალიან დიდი რაოდენობით ატამი იყო დაზიანებული, ამიტომ, ფასიც დაბალი ჰქონდა:
- რომ ვაკვირდებოდი, გადარჩევის დროს მანქანებიდან უამრავი ატამი იყრებოდა, რადგან მოსავლის დიდი ნაწილი დასეტყვილი იყო. შეიძლება ეს დაზიანებები არასწორ მოვლასაც დავაბრალოთ: გლეხები ამბობენ, თითო ძირი ხე 10-12-ჯერ გვაქვს შეწამლულიო, არადა, ხილს ამდენი შეწამვლა არ სჭირდება. ამიტომ უნდა მიეშველონ გლეხებს სპეციალისტები, რომლებიც დააკვალიანებენ და ეტყვიან, როდის და როგორ უნდა შეწამლონ. რაც შეეხება ექსპორტს, შარშან უკეთესი შედეგი გვქონდა: წელს ატმის ფასი იმდენად დაბალია, რომ ძალიან მცირე მოგებაზე ვმუშაობთ, შეიძლება ერთი მანქანიდან მარტო 200-300 ლარი დაგვრჩეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გავყიდით. ჩვენს კომპანიას ატამი ძირითადად აზერბაიჯანში და ყაზახეთში გააქვს. აზერბაიჯანს თავისი ატამიც აქვს, მაგრამ ჩვენთან რომ შემოდის, იმათი ატამი ჯერ კიდევ არ არის მწიფე. არის მეორე მიზეზიც - ჩვენი ბაღჩეული და ხილი გემოთი უკეთესია. მაგალითად: შარშან აზერბაიჯანში ექსპორტზე დიდი რაოდენობით კარტოფილი გავიტანეთ. იქ ეს პროდუქტი ბელორუსიდანაც შედიოდა, მაგრამ ქართული კარტოფილი უფრო მოსწონდათ. იგივე ითქმის ატამსა და სხვა ხილზე.
„ბიზნესპრესნიუსი“ ამ საკითხთან დაკავშირებით შპს „ფრუიტილიას“ დამფუძნებელ ვახო ბეჟიტაშვილსაც ესაუბრა.
ვახო ბეჟიტაშვილი: „ატმის ჭარბი მოსავალი წელს კახეთში მოვიდა, თორემ ქართლის ბევრ სოფელში ყინვის გამო ამ ხილმა საერთოდ ვერ გაიხარა. კიდევ კარგი, რომ კახეთში მოსავლის მხოლოდ ნაწილი დაზიანდა. ქართული ატამი ძირითადად რუსეთში და ყაზახეთში გადის, ჩვენც ამ ქვეყნებზე ვმუშაობთ. ატამში 30 თეთრსაც ვიხდით და 1 ლარსაც - ხარისხს გააჩნია.
რუსეთში ქართული ატამი საშუალოდ 60-70 ცენტი ღირს, საბაჟოზეც რიგები აღარ არის, რაც ყველა ექსპორტიორს უადვილებს მუშაობას: „რასაკვირველია, საბაჟოზე გვამოწმებენ, მაგრამ ჩვენი პროდუქცია რუსეთის მოთხოვნებს აკმაყოფილებს და დაბრკოლებებიც არ გვექმნება. რაც მთავარია, საბაჟოზე ისეთი პრობლემები აღარა გვაქვს, რაც წინა წლებში გვქონდა“.
ხათუნა ჩიგოგიძე