საპარტნიორო ფონდისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ხელმძღვანელების შეხვედრაზე პროექტის "ჯინო გრინ სითის" შესახებ იმსჯელეს

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტ ვაზილ ჰუდაკს შეხვდა.

როგორც  „საპარტნიორო ფონდიდან“ იუწყებიან, შეხვედრაზე მენეჯმენტმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ფონდის სტრატეგია და მუშაობის ძირითადი პრინციპები გააცნო. მხარეებმა ისაუბრეს პროექტ "ჯინო გრინ სითის" შესახებ, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკო ქალაქის მშენებლობასა და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის, მათ შორის სასტუმროს, დასასვენებელი კომპლექსის, სკოლის, საბავშვო ბაღის, სამედიცინო ცენტრისა და სხვადასხვა რეკრეაციული ზონის განთავსებას გულისხმობს. მათ ასევე მიმოიხილეს მიმდინარე და სამომავლო პროექტები. „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლებმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის კონკრეტული ამოცანები დასახეს.

შეხვედრას „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა, საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ნინო ჩოლოყაშვილი და „ჯინო გრინ სითის“ დამფუძნებელი ნოდარ გიორგაძე ესწრებოდნენ.

2017 წლის ივლისში, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში („საქართველოს ევროპულ გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“), ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოსთან სამ ფინანსურ შეთანხმებას მოაწერა ხელი, ესენია: ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის ფარგლებში 250 მლნ ევროს დაფინანსების გამოყოფა; ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის დამატებით 3.5 მლნ ევროთი დაფინანსება; ბათუმის საქალაქო სატრანსპორტო პარკის 10 ელექტრო და 20 დიზელზე მომუშავე ავტობუსით შევსების ფინანსური შეთანხმებები.

2017 წელს 10 წელი სრულდება, რაც EIB-მა საქართველოში თავისი საქმიანობა დაიწყო. სლოვაკეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვაზილ ჰუდაკი EIB-ში ხელმძღვანელ თანამდებობაზე 2016 წლის ოქტომბერში დაინიშნა.