იმპორტირებული პროდუქტის უმრავლესობა სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სპეციალისტები საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობენ, რომლის მიხედვითაც, იმპორტირებული პროდუქტის მოხმარების შედეგად წლის განმავლობაში 18 000 ადამიანი სიმსივნური დაავადებით ავადდება. მათი თქმით, პროდუქტი შესაბამისად არ მოწმდება, რაც ცალკე პრობლემას ქმნის.
სპეციალისტების თქმით, საქართველოში შემოსული იმპორტირებული პროდუქტების რაოდენობა უნდა შეიზღუდოს და მეტი წილი ადგილობრივ წარმოებას დაეთმოს. ეს სამუშაო ადგილების რაოდენობასაც გაზრდის და მოსახლეობასაც ჯანსაღი საკვები მიეწოდება.
იმპორტირებული პროდუქტის მავნებლობაზე ამახვილებს ყურადღებას ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი შოთა ჩხეიძე. მისი თქმით, ყველა იმ პროდუქტს, რომელიც საზღვარზე შემოდის, შემადგენლობაში მითითებული აქვს მცენარეული ზეთი, რომელსაც ტექნიკური სახით იყენებენ და ადამიანისთვის საშიშია. ჩხეიძის ინფორმაციით, ყოველწლიურად 18 000-მდე ადამიანი ავადდება სიმსივნური დაავადებით მომწამვლელი პროდუქტისგან. 1-ლი აგვისტდან კი კანონი ამოქმედდება, რომელიც რეალიზატორს საკუთარი პროდუქციის ნამდვილი შემადგენლობის გასაჯაროებას მოსთხოვს.
"საშინელი მდგომარეობაა ამ მხრივ საკონდიტრო ნაწარმზე, რომელიც ქვეყანაში შემოდის, ადრე მითითებული იყო "შეიცავს მცენარეულ ზეთს", რაც შენიღბულად იყო გამოყენებული. მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ ეს არ არის მზესუმზირისა და ზეითუნის ზეთი. ეს არის პალმის ზეთი, რომელიც ნატურალური ცუდი არ არის, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ შემთხვევაში მას იყენებენ სხვადასხვა ტექნიკური სახით, რაც საკმაოდ საშიშია. მის შემადგენლობაში შედის ტრანსცხიმები. იგი ისეთი საშინელებაა, რომ სიმსივნურ დაავადებებს იწვევს.
იმდენად არ არის სანდო იმპორტირებული პროდუქტი, რომ თუ კარგად არ იცნობს შემადგენლობას ან კარგად არ ერკვევა საკითხში მომხმარებელი, საკმაოდ დიდია ალბათობა, შეცდომაში შევიდეს. 2006 წელს, როდესაც წინა ხელისუფლების დროს მოიხსნა როგორც ადგილობრივი, ისევე იმპორტირებული ნაწარმის შემოწმება, ასეთი პროდუქტების გამო დაავადებული ადამიანების რაოდენობის ზრდა დაიწყო. წინა წლებში 5 000 ადამიანი ავადდებოდა სიმსივნით, დღეის მდგომარეობით კი, ყოველწლიურად 18 000-მდე ადამიანი ავადდება განუკურნებელი სენით და ამის ძირითადი მიზეზი იმპორტირებული დაბალხარისხიანი პროდუქტია.
უკვე მიღებულია კანონი, რომელიც 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდება. რეალიზატორი ვალდებულია (რომელსაც კონტრაქტი აქვს უცხოელ მწარმოებელთან და შემოაქვს პროდუქცია), დეტალურად მიუთითოს, რას შეიცავს ესა თუ ის პროდუქტი. ეს შემადგენლობა უნდა იყოს არა ზოგადი, არამედ კონკრეტული", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ჩხეიძემ.
პროფესორმა იმ გზებზე ისაუბრა, რის საშუალებითაც ქვეყანა შეძლებს, მოსახლეობას თავიდან აარიდოს იმპორტირებული პროდუქტით გამოწვეული მავნებლობა. მისი თქმით, მოსავლიანობის გასაზრდელად აუცილებელია, გამოვიყენოთ ბიოსტიმულატორები (მაგალითად, "ბიორაგი"), რომელიც საქართველოში მზადდება და მისი გამოყენება საფრთხეს აარიდებს თავიდან ადამიანს. მისი თქმით, ადგილობრივი წარმოების განვითარება და იმპორტირებული პროდუქტის შემცირება მთავარი პრიორიტეტია, რის შედეგადაც ქვეყანაში გაიზრდება სამუშაო ადგილების რაოდენობა და შემცირდება მავნე საკვების წილი.
"ამის თავიდან აცილების ერთ-ერთი საშუალებაა ორგანული მიწათმოქმედება, რომელზეც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები გადადიან. ჩვენ გვაქვს უნიკალური საშუალება, ორგანული ბიოპრეპარატი, რომელსაც არ სჭირდება არც სასუქი, არც შხამქიმიკატები. ეს არის "ბიორაგი", რომელიც ქართველმა მეცნიერმა რამაზ გახოკიძემ შექმნა და ანალოგი არ აქვს მსოფლიოში. ამ პრეპარატს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იყენებენ, საქართველოში კი, სამწუხაროდ, ჯერ არ ხდება მისი გამოყენება. ეს პრეპარატი უნდა გამოვიყენოთ და ამით გავზრდით მოსავლიანობას და შევამცირებთ დაავადებული ადამიანების რაოდენობას.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან არ ხდებოდა ტრანსცხიმების რაოდენობრივი განსაზღვრა, ჩატარდა ცდა: აიღეს საქართველოში, რუსეთში, თურქეთსა და აზერბაიჯანში სავაჭრო ქსელში არსებული ერთი და იმავე სახეობის იმპორტირებული საკონდიტრო ნაწარმი და შესამოწმებლად გააგზავნეს ლატვიაში. დადგინდა, რომ ჩვენთან შემოსულ პროდუქციაში ათჯერ მეტი იყო ტრანსცხიმების შემცველობა, ვიდრე დასახელებულ ქვეყნებში. ხომ წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაში ვართ ჩვენ. უნდა გამკაცრდეს მისი შემოწმება ან საერთოდ არ უნდა შემოვიდეს მსგავსი პროდუქცია. თუ რამე გვჭირდება, აქ უნდა დამზადდეს. ეს სამუშაო ადგილებსაც შექმნის და ბევრად ჯანსაღი პროდუქციაც გვექნება", - განაცხადა შოთა ჩხეიძემ.
იმპორტირებული პროდუქტის მავნებლობაზე საუბრობს "ბიზნეს-რეზონანსთან" ტოქსიკოლოგი ინგა ღვინერია, რომელიც აცხადებს, რომ საზღვარზე სათანადოდ ვერ ხერხდება ყველა პროდუქტისა თუ საერთო მოხმარების ნივთების შემოწმება, რაც ძალიან დიდ პრობლემას ქმნის. მისი თქმით, ცალკე პრობლემაა ეტიკეტებზე წარწერები, რომელიც გაურკვევლადაა შედგენილი და მომხმარებელს ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას არ აწვდის.
"რა თქმა უნდა, ყველა შემოსული პროდუქტი ვერ მოწმდება, იქნება ეს საკვები თუ საერთო მოხმარების. მე ყურადღებას გავამახვილებ ქიმიურ პროდუქციაზე, რომლის შემოწმებაც არ ხდება იმდენად, რომ არც აწერია ეტიკეტზე, რას შეიცავს იგი. მოსახლეობაც ნაკლებად ინფორმირებულია, რამდენად საშიშია ეს ნივთიერებები ან როგორ უნდა დაიცვან თავი.
კიდევ ერთი პრობლემაა სავაჭრო ქსელში წარმოდგენილ პროდუქტზე დატანილი ეტიკეტების გარჩევადობა. იმდენად წვრილი შრიფტითაა დაწერილი შემადგენლობა, რომ შეუძლებელია, მომხმარებელმა გაარკვიოს, რას შეიცავს პროდუქცია. ამას უნდა მიექცეს სერიოზული ყურადღება", - აცხადებს ინგა ღვინერია.
ფიტოსანიტარიული სამსახურის წარმომადგენლები კი საპირისპიროს ამტკიცებენ და აცხადებენ, რომ საბაჟოზე შემოსული პროდუქტები განსაკუთრებულად მოწმდება და შეუძლებელია, მოსახლეობამდე მავნე ნივთიერების შემცველი პროდუქტები მივიდეს.
"ეს გაწერილია კანონმდებლობით, რასაც კანონი ითვალისწინებს, საზღვარზე ყველაფერი მოწმდება. ცალკე დანაყოფი გვყავს ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტში, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ჯგუფები, რომლებიც კანონის მოთხოვნის შესაბამისად ამოწმებენ ყველანაირ პროდუქტს", - განუცხადეს "ბიზნეს-რეზონანსს" ფიტოსანიტარიულ სამსახურში.
ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"