კანონით დადგენილზე მაღალი ხელფასები, 50-დან 100%-მდე დანამატები და სამივლინებო ხარჯების ფლანგვა - დარღვევები სპორტის სამინისტროში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შეამოწმა და იქ არსებული ხარვეზები გამოავლინა. როგორც გაზეთი "ბანკები და ფინანსები" წერს, დასკვნაში განსაკუთრებით ხაზგასმულია სამინისტროში, კონკრეტულად კი "ფეხბურთის განვითარების" ფონდში არსებული მაღალი შრომითი ანაზღაურება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევაა, ამავდროულად, სამინისტროს თანამშრომლებს ყოველთვიურად ერიცხებათ საკმაოდ დიდი დანამატები, რომელიც ხშირ შემთხვევაში არსებული ხელფასის 100%-საც კი უტოლდება. ხდებოდა სამივლინებო ხარჯების მაღალი ანაზღაურება და იძენდნენ ზედმეტ ავტომობილებს, რომლებიც თანამდებობრივად არ ეკუთვნოდათ ამა თუ იმ პირებს.

საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, სამინისტროს სარგებლობაშია სხვადასხვა მიწის ნაკვეთი, ასევე მათზე არსებული შენობა-ნაგებობები, მაგრამ ბუღალტრულად ისინი აღრიცხული იყო ნულოვანი ღირებულებით.

უფრო კონკრეტულად კი, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი დარღვევები შემდეგნაირად გამოიყურება:

შრომის ანაზღაურება

ა(ა)იპ "ფეხბურთის განვითარების ფონდზე" (შემდგომში ფონდი) ვრცელდება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის და, შესაბამისად, საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის 22-ე მუხლის მოთხოვნები. 2016 წლის განმავლობაში ფონდში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებული თანამშრომლების საშუალო თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 3,000 ლარს, მაშინ როდესაც მოქმედი კანონმდებლობით ის არ უნდა აღემატებოდეს 1,500 ლარს.

2016 წელს ფონდის დირექტორის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 6,250 ლარს, მაშინ როდესაც ის არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობრივ სარგოს – 2,950 ლარს. სამინისტროს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვებიდან გამონაკლისის დაშვების თაობაზე.

დანამატები

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 იანვრის # 01/114 ბრძანების შესაბამისად, სამინისტროს თანამშრომელთა განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით და სამინისტროში კვალიფიციური კადრების შენარჩუნების მიზნით, 2016 წლის განმავლობაში სამინისტროს 23 თანამშრომლისთვის დაწესდა ყოველთვიური დანამატი. სამინისტროში გაცემული დანამატები თავისი ყოველთვიური შინაარსიდან გამომდინარე თანამდებობრივი სარგოს ხასიათს ატარებს.

მინისტრის სამი მოადგილიდან, რომელთა თანამდებობრივი სარგო 2,950 ლარს შეადგენს, ორი მოადგილე ყოველთვიურად ამდენივეს იღებენ დანამატის სახით, ხოლო მესამე 85%-ს, ანუ 2,300 ლარს.

2100 ლარია სამინისტროს აპარატის უფროსის ხელფასი, ხოლო ყოველთვიური დანამატი 1600 ლარი, 1500 ლარია საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობრივი სარგო, ხოლო დანამატი 100 ლარი და ასე შემდეგ. ანუ, სამინისტროს 23-ვე თანამშრომელი ხელფასის 50-დან 100%-მდე თანხას იღებენ დანამატის სახით.

მივლინება

სსიპ "საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის" მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებების ფარგლებში ადგილი ჰქონდა სამივლინებო თანხების ზედმეტად ანაზღაურების ფაქტებს, კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მიწვევების თანახმად, ღონისძიების ორგანიზატორი მხარე უზრუნველყოფდა როგორც კვების, ასევე სასტუმროს ხარჯების დაფარვას, მივლინებულ თანამშრომელზე თანხები გაიცა სასტუმროს დაქირავების მიზნით, ხოლო სადღეღამისო ხარჯები ანაზღაურდა სრულად, ნაცვლად კანონმდებლობით გათვალისწინებული 30%-ისა. აუდიტის მიმდინარეობისას ანგარიშვალდებული 17 პირის მიერ დაბრუნებული იქნა 2016 წელს ზედმეტად ანაზღაურებული თანხა 4,023 ლარის ოდენობით.

ავტომობილები

2016 წელს სამინისტრო აპარატის ბალანსზე ირიცხებოდა 18 ავტომობილი, რომელთაგან 7 ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშუნლება განსაზღვრულია როგორც "სამორიგეო", ხოლო 11 ავტომობილის - "განპიროვნებული".

სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ბალანსზე ერიცხებოდა 3 ავტომობილი, სამივე განპიროვნებული. სამშენებლო-სარემონტო განყოფილების უფროსსა და სამეურნეო განყოფილების მთავარ სპეციალისტს განპიროვნებული ავტომანქანა თანამდებობრივად არ ეკუთვნით.

სსიპ საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი - 2 განპიროვნებული ავტომანქანა. ცენტრის დირექტორის მოადგილეს განპიროვნებული ავტომანქანა თანამდებობრივად არ ეკუთვნის.

სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი - 3 განპიროვნებული ავტომანქანა. ცენტრის დირექტორის პირველ მოადგილეს და ცენტრის დირექტორის მოადგილეს განპიროვნებული ავტომანქანა თანამდებობრივად არ ეკუთვნით.

სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი - 7 ავტომანქანა, მათ შორის 1 განპიროვნებული და 6 სამორიგეო. ცენტრის თანამშრომელთა საშტატო რიცხოვნების გათვალისწინებით, სამორიგეო ავტომანქანების ოდენობა უნდა ყოფილიყო მხოლოდ ორი. მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, სამორიგეო ავტომობილი გამოიყოფა ყოველი კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე, რაც არ ხორციელდებოდა.

საკუთარი ბიზნესების "დაკრიშვა" თუ გამართული ბიზნესსაქმიანობა - ხეჩიკაშვილის კომპანიებიდან სახელმწიფომ 22.9 მილიონი ლარის ავტომობილები შეისყიდა

ტარიელ ხეჩიკაშვილი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტს 2015 წლის 1 მაისიდან იკავებს. იგი ერთ-ერთია ქართველ მილიონერ მინისტრებს შორის და `მედიატორის~ კვლევის მიხედვით, ამჟამად ხეჩიკაშვილის ქონება 11 მილიონს შეადგენს. თუმცა, ეს ციფრი მინისტრის მიერ შევსებული დეკლარაციიდან გამომდინარეა მიღებული და რეალურად ქონება, შესაძლოა, გაცილებით მეტიც კი იყოს.

ტარიელ ხეჩიკაშვილს ქონებრივ დეკლარაციაში 20-ზე მეტი კომპანია აქვს მითითებული, რომლებშიც წილებს დღემდე ფლობს. მინისტრის მფლობელობაში არსებულ კომპანიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანია "იბერია ბიზნეს ჯგუფი", რომელიც საქართველოში ოფიციალური წარმომადგენელია შემდეგი საავტომობილო ბრენდების: Volkswagen, Audi, Skoda Auto, Kia Motors, Renault, Mitsubishi Motors, Seat.

სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას აქტიურად იღებენ. თუ გადავხედავთ აღნიშნული კომპანიების სატენდერო საქმიანობას, 2015 წლის მაისიდან დღემდე, დავინახავთ, რომ მინისტრის კომპანიებისგან სხვადასხვა უწყებებმა 493 ავტომობილი შეისყიდეს - ამ ტენდერების საერთო ღირებულება კი 22,9 მილიონი ლარია. სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობენ ხეჩიკაშვილის შემდეგი კომპანიები: "იბერია ავტო ცენტრი", "იბერია ავტო", "კია მოტორს ჯორჯია" და "კავკასუს მოტორსი".

რაც შეეხება ყველაზე მსხვილ ტენდერებს, იგი შემდეგნაირად გამოიყურება: 176 ავტომობილი - შსს მომსახურების სააგენტო, მიმწოდებელი "იბერია ავტო ცენტრი" - ტენდერის ღირებულება 8.6 მილიონი ლარი, 2017 წელი; 172 ავტომობილი - შსს მომსახურების სააგენტო, მიმწოდებელი "იბერია ავტო ცენტრი" - ტენდერის ღირებულება 8 მილიონი ლარი, 2016 წელი; 86 ავტომობილი - შსს მომსახურების სააგენტო, მიმწოდებელი "იბერია ავტოცენტრი" - ტენდერის ღირებულება – 3 მილიონი ლარი, 2017 წელი.

ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიებიდან 2017 და 2016 წლებში 10 ვტომობილი შეიძინა პროკურატურამ, რომელთა ჯამურმა ღირებულებამაც 700 ათასი ლარი შეადგინა.

2017 და 2015 წლებში 8 ავტომობილი შეიძინა ფინანსთა სამინისტრომ (6 ავტომობილი "კავკასუს მოტორსისგან" 340 ათასი ლარი, 2 ავტომობილი "კია მოტორსისგან" 119 ათასი ლარN). 2015 წელს 7 ავტომობილი შეიძინა დაზვერვის სამსახურმა – ჯამში 287 ათასი ლარი, 2015 წელს თბილსერვისჯგუფმა შეიძინა 6 ავტომობილი - ჯამში 153 ათასი ლარი.

ტენდერების უმეტესობაში (19 ტენდერი) შემსყიდველმა ორგანიზაციებმა 1 ავტომობილი შეიძინეს. 3 ტენდერში შემსყიდველმა ორგანიზაციებმა /-2 ავტომობილი შეიძინეს, 3 ტენდერში კი შემსყიდველმა ორგანიზაციებმა 3-3 ავტომობილი შეიძინეს.

ხეჩიკაშვილის კომპანიები ავტოსერვისის მიწოდების ტენდერებშიც იღებენ მონაწილეობას. კომპანიებმა "იბერია ტექ ავტომოტივმა" და "იბერია ავტომ" ჯამში 100 ათასის ღირებულების 4 ტენდერი მოიგეს.

როგორც ვხედავთ, მინისტრის კომპანიები საკმაოდ აქტიურად იგებენ სახელმწიფო ტენდერებს და ავტომობილებით სახელმწიფო სტრუქტურების ერთ-ერთი აქტიური მომმარაგებელიცაა.

როგორც ზემოაღნიშნულ ინფორმაციაშიც ჩანდა, "იბერია ბიზნეს ჯგუფს" ყველაზე მსხვილი ტენდერები შინაგან საქმეთა სამინისტროში აქვს მოგებული. არადა, საზოგადოებას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, როდესაც შსს-ს ავტოპარკის განახლება დაიწყო, "ფორდის" მარკის ავტომობილები შეისყიდეს, რომელიც საზეიმოდ წარუდგინეს საზოგადოებას და ამ მოდელის უამრავი უპირატესობაც აღინიშნა. საუბარი იყო, რომ საპატრულო პოლიციის ავტოპარკი მთლიანად "ფორდის" მარკის ავტომობილებით უნდა განახლებულიყო და მას "შკოდას" და "ფოლკსვაგენის" ავტომობილები უნდა ჩაენაცვლებინა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ასეც ხდებოდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც შეიცვალა პრემიერმინისტრი და ხელისუფლებაში მოვიდა ახალი გუნდი პროცესებიც სხვაგვარად განვითარდა. ითქვა, რომ "ფორდის" ახალმა, სპეციალურად პოლიციისთვის შექმნილმა ამერიკულმა მოდელებმა არ გაამართლა და შინაგან საქმეთა სამინისტრომაც ძირითადად კვლავ "შკოდას" ფირმის ავტომობილების შესყიდვა დაიწყო. სწორედ ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანია "შკოდას" ოფიციალური ვტოიმპორტიორი და სწორედ ხეჩიკაშვილის მინისტრის პოსტზე დანიშვნის შემდეგ დაიწყო აღნიშნული პროცესები, რაც საკმაოდ ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს და ბადებს ეჭვებს, სპორტის მინისტრის გავლენის შედეგად ხომ არ მოხდა ეს ყველაფერი.

ბუნებრივია, გადაჭრით ამაზე საუბარი რთულია და კანონსაწინააღმდეგო არაფერია იმაში, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის კომპანიები სახელმწიფო ტენდერებს იგებენ, მაგრამ პროცესი მაქსიმალური გამჭვივრალე უნდა იყოს და არ უნდა არსებობდეს მცირე ეჭვიც კი იმაზე, რომ ადგილი ჰქონდეს რაიმე სახის კორუფციულ გარიგებას ან მინისტრის მხრიდან საკუთარი ბიზნესის "დაკრიშვას".

გიორგი კაპანაძე

გაზეთი "ბანკები და ფინანსები"