კომერციული დავების განსახილველად საქალაქო სასამართლოში სპეციალური მიმართულება შეიქმნა

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაცია შეიქმნა, რომელიც 500 ათას ლარს ზევით დავის საგნის მქონე საინვესტიციო და კომერციულ დავებს განიხილავს. ამის შესახებ, ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საბჭომ მსგავსი დავების განხილვასთან დაკავშირებული ხარვეზების შესახებ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების უკმაყოფილება გაითვალისწინა.

მათივე ცნობით, კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლეები უზრუნველყოფენ საინვესტიციო და კომერციულ დავებზე მართლმსაჯულების სისწრაფის და ხარისხის გაუმჯობესებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას, უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდასა და ეკონომიკის ზრდის ტემპის ამაღლებას.