საქართველოს პარლამენტმა საქართველოს პროფკავშირების ინიციატივა დაარეგისტრირა , რომელიც მაღაროებსა და შახტებში დასაქმებულების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას და 55 წლის ასაკიდან პენსიის დანიშვნას ითვალისწინებს.
როგორც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან იუწყებიან, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, პროფკავშირების გაერთიანებას 30 ათასი ხელმოწერის შესაგროვებლად 45 დღიანი ვადა მისცა.
„საუბარია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიერ, მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირთან ერთობლივად შემუშავებულ ინიციატივაზე, რომელიც ”საგადასახდო კოდექსში” და ”სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. ინიციატივის შესაბამისად, მაღაროებსა და შახტებში დასაქმებულები გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისგან და აგრეთვე შესაძლებლობა ექნებათ პენსიაზე გავიდნენ 55 წლის ასაკიდან“, - აცხადებენ პროფკავშირების გაერთიანებაში.
მათივე ინფორმაციით, პროფკავშირების წარმომადგენლებს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად მიეცათ სარეგისტრაციო ფურცლების შესავსებად განსაზღვრული ვადა, რომლის ათვლაც დღეიდან იწყება. საკანონმდებლო ინიციატივას ხელი არანაკლებ 30 000 ადამიანმა უნდა მოაწეროს, რის შემდეგაც იგი პარლამენტს განსახილველად წარედგინება.