„საქართველოს ბანკმა“ თბილისის მერიის მიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზაციისთვის გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბანკიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, მომავალი 10 წლის განმავლობაში თბილისის მეტროში, ავტობუსებსა და საბაგიროებში მგზავრობის საფასურის ბარათებით გადახდას „საქართველოს ბანკი“ უზრუნველყოფს.
„აღსანიშნავია, რომ ერთი წლის ვადაში, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მგზავრობის საფასური ყველა ტიპის ქართული საბანკო და VISA და MasterCard უცხოური ბარათებით გადაიხადოს. ბანკი, ასევე, განახორციელებს ავტობუსების მართვისა და დისპეჩერიზაციის ახალი ტექნოლოგიით აღჭურვას. ამასთან, „საქართველოს ბანკი“ ინარჩუნებს ექსკლუზიურ უფლებას თბილისის მეტროს სადგურებში განთავსებული ქონდეს ფილიალები, რომელთა რაოდენობა დღეს 23-ია. ფინანსური შეთავაზების მოცულობამ 22,2 მლნ ლარი შეადგინა.
„საქართველოს ბანკი“ ლიდერია გადახდების მომსახურების სფეროში და მომხმარებელს სთავაზობს გადახდის ბევრ საშუალებას, როგორც ქვეყანაში ბანკომატების ყველაზე ფართო ქსელით, ასევე თვითმომსახურების ტერმინალებით - ინტერნეტბანკით, მობილური ბანკითა და სატელეფონო ცენტრით. ხსენებულ აუქციონში გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს „საქართველოს ბანკის“ უპირატესობას და შესაძლებლობას, მომხმარებელს მიაწოდოს ყველაზე ოპტიმალური, თანამედროვე, მარტივი გადახდის საშუალებები და უზრუნველყოფს ბანკის წამყვანი პოზიციების შემდგომ გამყარებას სამომხმარებლო ბაზარზე.
„საქართველოს ბანკს“ აქვს თბილისის მერიასთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შემდგომი თანამშრომლობაც ასეთივე ნაყოფიერი და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი სარგებლის მომტანი იქნება. მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მერიას გამოცხადებული ნდობისთვის“, - განაცხადა "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.