დოლარის ინდექსი ბოლო 14 თვის მინიმუმზე დაეშვა

დოლარის ფასი, სხვა გლობალური ვალუტების კალათასთან მიმართებაში, ბოლო 14 თვის მინიმალურ მაჩვენებლამდე დაეცა. ამერიკული ვალუტის ინდექსი, რომელიც ექვს ძირითად ვალუტასთან მის საშუალო სიმყარეს გვიჩვენებს, 0.35 პროცენტით, 92.87-მდე შემცირდა.

ანალტიკოსებს და ინვესტორებს, ამერიკის ეკონომიკა კვლავაც აძლევს დაფიქრების საბაბს. სტატისტიკა წარმოების აქტივობის შემცირებას აჩვენებს, საცხოვრებლების დაუსრულებელ მშენებლობათა მაჩვენებელი კი მოსალოდნელზე დაბლა დაეცა.

ჩიკაგოს ბიზნესის ბარომეტრი, რომელსაც მიწოდების მართვის ინსტიტუტი (ISM) აქვეყნებს და რომელიც ეკონომიკის შეფასების მნიშვნელოვანი ინდიკატორია, ივლისში 58.9-მდე დაეცა. ეს მაშინ, როცა ერთი თვით ადრე, სამწლიან მაქსიმუმზე (65.7) იყო. თუმცა ისიც ფაქტია, რომ როცა ინდიკატორი 50-ზე მაღლაა, ეს ზრდაზე მიანიშნებს.

პარალელურად, უძრავი ქონებით ვაჭრობის ეროვნული ასოციაციის მონაცემებით, ივნისში საცხოვრებლების დაუსრულებელ მშენებლობათა გაყიდვები და მეორადი საცხოვრებლების ხელმოწერილი კონტრაქტები 1.5 პროცენტით გაიზარდა.

ამ მონაცემებმა გააძლიერა ინვესტორთა მოლოდინი იმისა, რომ თავის მეტოქე ვალუტებთან მიმართებაში, დოლარის პოზიციების დათმობა გაგრძელდება. შესაბამისად, სავალუტო ბაზრის სულ უფრო მეტი მოთამაშე ხსნის დოლარის მოკლე პოზიციებს (გაყიდვა). სხვადასხვა სააგენტოს მონაცემებით, დოლარზე მოკლე პოზიციების მოცულობა 3.92 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

დოლართან წყვილში ყველაზე მეტად ევრო და გირვანქა სტერლინგი გაიზარდა. ევრო-დოლარის წყვილის ფასმა 1.1845 დოლარს მიაღწია, როცა სტერლინგი-დოლარის ფასის მაქსიმუმი 1.3240 დოლარს მისწვდა. ევროს გამყარებას, ევროზონაში ინფლაციის მაჩვენებლის მოსალოდნელ ზღვარში ყოფნა განაპირობებს. ევრომ დოლართან მიმართებაში, ივლისში 3 პროცენტზე მეტით მოიმატა. სტერლინგის ზრდამ კი მხოლოდ 0.36 პროცენტი შეადგინა. ამის მიზეზი ის სიფრთხილეა, რომელსაც ინვესტორები „ბრექსიტთან“ დაკავშირებით იჩენენ.