დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი კახა კალაძე „ხრუშოვკების“ ეტაპობრივ ჩანაცვლებას აპირებს. ამის შესახებ კალაძემ ვიდეო მიმართვა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაავრცელა.
მისივე თქმით, "ხრუშოვკების" ჩანაცვლების შესახებ პროექტი უკვე მომზადებულია, რომელსაც მოსახლეობას უახლოეს პერიოდში წარუდგენს.
რამდენად შესაძლებელია აღნიშნული პროექტის განხორციელება, დაახლოებით რა თანხებზეა საუბარი, რამდენი „ხრუშოვკაა“ თბილისში და რამდენი ოჯახი ცხოვრობს იქ - ამის შესახებ მენაშენთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი როსტომაშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
მისი თქმით, ეს საკითხი ერთი ხელის მოსმით ვერ მოგვარდება და მის გადაჭრას ერთი საარჩევნო პერიოდი - 3 წელი არ ეყოფა.
„ამ საკითხის მოგვარებას დაახლოებით 20 წელი სჭირდება. თბილისში 4-5 სართულიანი დაახლოებით, 512 ხრუშოვკაა, სადაც 12 ათასი ოჯახი ცხოვრობს და მათ დაახლოებით 600 ათასი კვადრატული მეტრი ფართი უკავია. ეს „ხრუშოვკები“ ძირითადად ვაჟა-ფშაველას კვარტლებში, ნავთლუღში, დიღომში და კრწანისშია განთავსებული. რაც შეეხება ფინანსებს, აღნიშნული ხრუშოვკების ჩასანაცვლებლად დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარია საჭირო,“- განაცხადა როსტომაშვილმა.