ხის ჭკვიან ბეჭედს ახალი ფუნქცია დაემატა - „კნიკის“ საშუალებით მოქალაქეებს უკვე კინოთეატრებში შესვლაც შეუძლიათ. ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა, ნინო გვაზავამ განუცხადა.
„კნიკი“ ქართველი სტუდენტების სტარტაპია, რომელიც ბაზარზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. როგორც გვაზავა ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ამ ეტაპზე ბეჭდის გამოყენება ყველა იმ დაწესებულებაშია შესაძლებელი, სადაც შესასვლელად საშვია (დაშვება) საჭირო. ესენია: უნივერსიტეტები, საცურაო აუზები, სამსახური, სპორტდარბაზები და ა.შ.
„დაახლოებით 2 თვეა ბეჭედს დაემატა ფუნქცია, რომლის საშუალებითაც კინოთეატრში შესვლაც გახდა შესაძლებელი. საიტზე ნაყიდი ყველა ბილეთი ავტომატურად ექნება ბეჭედზე მის მფლობელს და უფრო მარტივად შეძლებენ კინოთეატრში შესვლას. შესაბამისად, არც რიგში დგომა მოუწევთ და არც დამჯდარი ტელეფონის გამო ბილეთის ვერ გატარების პრობლემა ექნებათ. ამ ეტაპზე „კნიკის“ გამოყნება მხოლოდ „კავეას“ კინოთეატრებშია შესაძლებელი, თუმცა, უახლოეს პერიოდში სხვა კინოთეატრებშიც გახდება ხელმისაწვდომი.
გარდა ამისა, ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა ბეჭედში ჩაიტვირთოს მფლობელის პირველადი სამედიცინო ინფორმაცია (სისხლის ჯგუფი, რა დაავადება აქვს გადატანილი და ა.შ.), თუმცა ამ ინფორმაციაზე წვდომა მხოლოდ სამედიცინო პერსონალს ექნება. ერთი წელია დაახლოებით ამაზე ვმუშაობთ და ვფიქრობ, ძალიან მალე ამ მომსახურებასაც შევთავაზებთ მომხმარებელს. ამასთან, ვმუშაობთ, რომ ბეჭედს საბანკო პროდუქტების ფუნქციაც დაემატოს, ასევე ბეჭდის მფლობელებს „კნიკის“ მეშვეობით, ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდაც შეეძლება. ზამთრის სეზონისთვის კი ვგეგმავთ ჩვენი ბეჭდის მეშვეობით სამთო კურორტებზეც გახდეს შესვლა შესაძლებელი,“-აღნიშნა გვაზავამ.
მისივე თქმით, პროდუქტის საერთაშორისო ბაზარზე გატანაც სურთ და გეგმავენ, წლის ბოლოსთვის „კნიკი“ საქართველოს გარდა, რამდენიმე ქვეყანაშიც იყოს წარმოდგენილი. რაც შეეხება, ფასს ჭკვიანი სამკაული 99 ლარიდან 129 ლარამდე ღირს.