თბილისის მერი დავით ნარმანია ერთ-ერთი მედიასაშუალების და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, თბილისის მერიაში წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის აქტივისტები დასაქმდნენ , ტყუილს და ცილისწამებას უწოდებს.
როგორც დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მას არ მიეცა აღნიშნულ ინფორმაციაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა, რაც, მისი თქმით, არის საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ეს გამიზნულად ემსახურებოდა საზოგადოებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას.
„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თბილისის მერიაში დასაქმებული თითოეული მოხელე და ხელშეკრულებით აყვანილი საჯარო მოსამსახურე დანიშნულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. რაც შეეხება 600 ახალი ადამიანის დასაქმებას, ეს ადამიანები არ გახლავთ ახალი კადრები, არამედ საქმე ეხება არსებულ საკადრო რესურსს, რომელთა შტატებიც 1-ელი ივლისიდან ამოქმედებული "საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონის თანახმად გაუქმდა და მათ საკუთარი საქმიანობა თბილისის მერიასთან განაგრძეს არა შტატით, არამედ სახელშეკრულებო ურთიერთობებით. მათ შორის არიან: მოვალეობის შემსრულებლები, დამხმარე, ტექნიკური ან დროებითი ფუნქციების განმახორციელებელი კადრები და სხვ. კანონმა ჩვენ პირდაპირ მიგვითითა, რომ გაგვეუქმებინა ასეთი შტატები და მათ თბილისის მერიაში საქმიანობა გაეგრძელებინათ შრომითი ხელშეკრულებებით, რაც შესრულდა დადგენილი წესით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, თბილისის მერია ჩვეულ რეჟიმში, იმავე საშტატო რიცხოვნობით განაგრძობს ქალაქისთვის სასიკეთო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, როგორც ეს აქამდე იყო.
დავით ნარმანიას განცხადებით, ბოლო სამი წელია თბილისის მერიაში არათუ იზრდება სახელფასო/საპრემიო ფონდი და თანამშრომლების ოდენობა, არამედ ყოველწიურად მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები და ეს ინფორმაცია ღია და ხელმისაწვდომია თითოეული დაინტერესებული პირისათვის.
„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გავრცელებული ინფორმაცია მერიის საქალაქო სამსახურებში, სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში მმართველი პარტიის აქტივისტების დასაქმების შესახებ არის დიდი ტყუილი, არაკეთილმოსურნეების მიერ შეთხზული და გამოგონილი კიდევ ერთი ამბავი და მხოლოდ და მხოლოდ მერიის საქმიანობის დისკრედიტაციას ემსახურება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.