სამშენებლო კომპანია შპს "რაზას" მფლობელისთვის 20 000 ლარის ოდენობით თანხის გამოძალვა მიმართული იყო ქურდული სამყაროსთვის სარგებლის მიღებისკენ , - ამის შესახებ პროკურორმა თორნიკე მარსაგიშვილმა ჟურნალისტებს ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებული დავით და ტარიელ მახარობლიძეების და გიორგი რეხვიაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე განუცხადა.
"დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, აღნიშნული პირები დანაშაულებრივ კავშირში არიან „კანონიერ ქურდთან“ და დაზარალებულისთვის (სამშენებლო კომპანია შპს "რაზა") თანხის გამოძალვა ემსახურებოდა სწორედ ქურდული სამყაროს მიზნების განხორციელებას", - განაცხადა პროკურორმა.
მისი თქმით, არსებობს ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები, რომელიც "დაკავებულებს დანაშაულის ჩადენაში ამხელს". პროკურორი აღმკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობას ითხოვს.
"ბრალდების მხარეს გააჩნია საკმაოდ დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა ფარული ვიდეო და აუდიო გადაღების შედეგად მოპოვებული, ასევე მოწმეთა ჩვენებები, ამოღებული ფულადი თანხა და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ამხელენ აღნიშნულ პირებს დანაშაულის ჩადენაში. მივიჩნევთ, რომ მათ მიმართ ერთადერთი აღმკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა უნდა იქნას გამოყენებული", - განაცხადა თორნიკე მარსაგიშვილმა.
დაკავებულებს „კანონიერ ქურდთან“, "გლეხოვიჩთან" კავშირს ედავებიან.