დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთისთვის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთისთვის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. აღნიშნულის შესახებ სააგენტო "ბლუმბერგი" იუწყება. კანონი სენატმა გასულ კვირას მიიღო.

რაც შეეხება დოკუმენტს, მასში აღნიშნულია, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოსთან დაკავშირებით 2008 წელს გაფორმებული შეთანხმებების დარღვევას, რომელიც მოითხოვს რუსეთის ჯარების გაყვანას, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში ჰუმანიტარული ჯგუფების თავისუფალ წვდომას და კონფლიქტის ზონაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგს.

კონგრესი რუსეთის ფედერაციას პასუხისმგებლობას აკისრებს, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ძალადობაზე, ასევე, მოუწოდებს პრეზიდენტს, მოსთხოვოს რუსეთის ხელისუფლებას, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, უკრაინიდან და მოლდოვადან.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლება იყენებდა და განაგრძობს საქართველოს და უკრაინის მიმართ ძალების გამოყენებას, სადაზვერვო ოპერაციებს, რაც აშკარა საფრთხეს წარმოადგენს ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის. კონგრესის აზრით, აშშ-მა უნდა განაგრძოს მუშაობა ევროკავშირთან, როგორც პარტნიორმა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების აგრესიის წინააღმდეგ, მოახდინოს დახმარების პროგრამების კოორდინირება და სხვა ძალისხმევა მიმართოს რუსეთთან დაკავშირებით.

ამავე კანონში აღნიშნულია, რომ აშშ განაგრძობს ტერიტორიული ცვლილებების არაღიარების პოლიტიკას, რომლებიც ჩადენილია ძალის გამოყენებით, მათ შორის უკანონო შეჭრის შედეგად აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, ყირიმში, აღმოსავლეთ უკრაინასა და დნესტრისპირეთში.